ალასკის ქალაქ ანკორიჯში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაიწყო.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში მიმდინარეობს.
შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გააკეთეს.
სამი-სამზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.