საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2025 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩასატარებლად 1.925 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმი 2025 წლის 22-23 ოქტომბერს ტარდება. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა კი განპირობებულია იმით, რომ ფორუმისთვისა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ივნისიდან უნდა დაიწყოს.

„ფორუმზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის მეთაური, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. წინასწარი მონაცემებით ფორუმს დაესწრება დაახლოებით 2000-მდე სტუმარი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად 2025 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში ტარდება თბილისის ფინანსური ტექნოლოგიების (,,ფინტექ“) სამიტი. ღონისძიების ორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network Limited („GFTN Limited“), თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

,,GFTN Limited” ახორციელებს სამიტის თემატიკის შემუშავებას, ასევე უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით საფინანსო ინდუსტრიის დარგში მომუშავე წამყვანი სპიკერების, მონაწილეების ჩამოყვანას თბილისში.

აღნიშნული სამიტი 2000- მდე მონაწილეს მოიაზრებს, მათ შორის: მარეგულირებელ უწყებებს, საფინანსო ინდუსტრიის ლიდერებსა და ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან.

თბილისის ფინანსური ტექნოლოგიების (,,ფინტექ“) სამიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის პანელური დისკუსია, სემინარი და შეხვედრა.გამომდინარე იქიდან რომ, ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია, ხოლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვების მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”-ს და თბილისის ფინანსური ტექნოლოგიები (,,ფინტექ“) სამიტის ფარგლებში, ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივება“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

„ეს მაღალი დონის ღონისძიება იქნება საუკეთესო პლატფორმა თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და ბიზნესის შესაძლებლობებისთვის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც ,,ფინტექ“ ჰაბის როლს შუა დერეფანში“, - წერია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2015 წლიდან ტარდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი