რუსეთის სადაზვერვო სამსახურები სულ უფრო ხშირად იყენებენ დაბალი, ქვედა რგოლის აგენტებს, რათა სწრაფად და იაფად შეაგროვონ ინფორმაცია და გაავრცელონ დეზინფორმაცია. ეს მეთოდი გერმანიის კონტრდაზვერვას ახალ გამოწვევებს უქმნის და კარგად გააზრებას საჭიროებს.
ჯაშუშობის „ძველ“" სამყაროში უმაღლესი დისციპლინის და მაღალი კლასის მაჩვენებლად იყო მიჩნეული მტრულ უცხო ქვეყნებში ყალბი CV-ების მქონე ადამიანების შეგზავნა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავლენიან პოზიციებზე მოწყობა, სადაც მათ ფასეული ინფორმაციის მოპოვება შეეძლოთ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია „კანცელარიის ჯაშუში“ გიუნტერ გიიომი, რომელმაც 1970-იანი წლების დასაწყისში კანცლერ ვილი ბრანდტის პირადი მრჩევლის თანამდებობა მიიღო და გდრ-ს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს („შტაზი“) დავალებებს ასრულებდა.
არანაკლებ ჩახლართულია დაქორწინებული წყვილის, ჰაიდრუნ და ანდრეას ანშლაგების ისტორია, რომლებიც, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთისთვის მარბურგიდან (ჰესენის ფედერალური მხარე) მუშაობდნენ და მხილების შემდეგ საკუთარ შვილებს გამოუტყდნენ, რომ მთელი მათი ცხოვრება სიყალბეზე იყო აგებული.
„სასარგებლო იდიოტები“
ეფექტურიც რომ იყოს, ასეთი ოპერაციები სადაზვერვო სამსახურებისგან უზარმაზარ ძალისხმევას და დიდ მოთმინებას მოითხოვს. გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს გაურკვევლობა, თუ როგორია თანაფარდობა ხარჯებსა და სარგებელს შორის. ანუ, ღირდა ინფორმაცია იმ ფასად, რაც მისი მოპოვება დაჯდა?
„ერთჯერადი მოხმარების აგენტების“ შემთხვევაში, ყველა ეს პრობლემა გამორიცხულია, რადგან სასურველი ინფორმაციის მიღება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხდება. მათი პოზიციიდან, ვისზედაც დარტყმის მიყენებაა გათვლილი, ეს შეიძლება დიდი ფული იყოს, მაგრამ სადაზვერვო სამსახურებისთვის რამდენიმე ათასი ევრო არაფერს ნიშნავს. თანაც, დავალებები მარტივია: მანქანის გამონაბოლქვის მილი სამშენებლო ქაფით უნდა ამოავსონ, ადგილებზე კლიმატის დაცვის შინაარსის ფლაერები დატოვონ, აეროპორტში ფრენების თანმიმდევრობა აღრიცხონ, სარკინიგზო მიმოსვლის განრიგი შეისწავლონ... ზემოთ მოყვანილი მაგალითები აჩვენებს, რომ (კერძოდ) რუსული საიდუმლო სამსახურები ინფორმაციის მოპოვებითა და დეზინფორმაციით არიან დაკავებულნი, „ჩავარდნის“ შემთხვევაში კი ზარალდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა გაწირვა პრობლემას არ წარმოადგენს და რომლებმაც არც კი იციან, რეალურად ვისთვის მუშაობდნენ. ისინი არიან „სასარგებლო იდიოტები“, როგორც ასეთ ხალხს ჯაშუშების სამყაროში უწოდებენ.
„ერთჯერადი მოხმარების აგენტები“, როგორც დროებითი გამოსავალი
თუმცა, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს გზა, შესაძლოა, მხოლოდ ეფექტურობის გამო არ აირჩიეს. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ლეგენდარული ჯაშუშების დიდმა ხელოვნებამ თავის მაქსიმალურ ზღვარს უკვე მიაღწია და ბოლო დროს საიდუმლო სამსახურებს აღარ შეეძლოთ იმდენი ძალისხმევისა და მოთმინების გამოჩენა, რამდენსაც ადრე ახერხებდნენ. ისეთი ეფექტური ოპერაციების დროსაც კი, როგორიც იყო რუსეთის მიერ შეკვეთილი მკვლელობა ბერლინის „კლაინერ ტიერგარტენში“ 2019 წელს, მხოლოდ ის არ არის გასაკვირი, რომ დამნაშავის დაჭერა მოხერხდა. თავისი კვალის სათანადოდ დამალვა მან ვერც სამშობლოში მოახერხა. „მკვლელი სახელმწიფოს დავალებით მოქმედებდა“, - დაადგინა ბერლინის საოლქო სასამართლომ, რაც რუსეთის საიდუმლო სამსახურისთვის დამამცირებელი განაჩენის გამოტანასაც ნიშნავდა.
შედეგად, გერმანიიდან გააძევეს რუსეთის საელჩოს თანამშრომლები, ვისზედაც არსებობდა ეჭვი, რომ ისინი, სინამდვილეში, დიპლომატები კი არა, აგენტები იყვნენ. გერმანის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლების ვარაუდით, ამან გერმანიაში შეამცირა რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული შესაძლებლობები, რომლებიც ახლა დროებით გამოსავალს „ერთჯერადი მოხმარების აგენტების“ გამოყენებაში ხედავენ.
1tv.ge