გერმანიის კანცლერისა და იტალიის პრემიერმინისტრის თქმით, ევროპა ჯერ შორს არის იმ ეტაპისგან, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დაიწყოს საუბარი.

ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა და ჯორჯია მელონიმ 17 მაისს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის განსაზღვრა, ასევე ის, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ერთ დღეს უკრაინას დასჭირდეს". - თქვა მერცმა.

მისი თქმით, ეს საკითხები ჯერ კიდევ რთულად წარმოსადგენია.

"ამ ეტაპზე ჯარებზე საუბრისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამ ეტაპისგან შორს ვართ. გვსურს, რომ ცეცხლი შეწყდეს, დასრულდეს მკვლელობები, ახლა მხოლოდ ამ საკითხებზე ვართ კონცენტრირებულნი და სხვა არაფერზე". - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იტალია მზად არის ჩაერთოს ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატში, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

"დასავლური ერთობა ჩვენი ყველაზე დიდი ძალა იყო რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან. ამგვარ დელიკატურ პერიოდში აუცილებელია, რომ გვერდზე გადავდოთ ნებისმიერი პირადი უთანხმოება, რაც ამ ერთობას საფრთხეს შეუქმნის". - თქვა მელონიმ.

მანამდე, გამოცემა The Times წერდა, რომ "მსურველთა კოალიციის" წვერ სახელმწიფოებს უკრაინაში 25 000 ჯარისკაცის მობილიზება გაუჭირდებათ.

გამოცემის თანახმად, 10 აპრილის შეხვედრაზე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა, კოლეგებს ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა 64 000-კაციანი ძალის შექმნას, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გაიგზავნება.

Times-ის წყაროს ინფორმაციით ევროპის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამ რაოდენობის შეიარაღებული ძალის გაერთიანება გამორიცხულია და ერთობლივი ძალისხმევითაც კი 25 000 ადამიანის მობილიზება ძალიან გაჭირდება.

წყარო: tabula.ge