გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში, ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა.

ფრანგული კლუბების ფინანსების მაკონტროლებელი ორგანოს (DNCG) სააპელაციო კომიტეტმა გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დაადასტურა, რომ „ლიონი“ მომავალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს.

„„ლიონი“ უმაღლეს დივიზიონში დარჩება და ფეხბურთელების დამატებას შეძლებს სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, რომლის თანახმადაც, ხელფასები და ტრანსფერები ლიგა 1-ის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის ფარგლებში შეიზღუდება“, – ნათქვამია L’Équipe-ის მიერ გავრცელებულ წერილში.

ფრანგული კლუბების ფინანსური მაკონტროლებლის გადაწყვეტილება ავტომატურად ნიშნავს, რომ „ლიონი“ ევროპალიგაზეც ითამაშებს. სანქციის შეჩერებას კლუბი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„ლიონის „ოლიმპიკი“ მიესალმება DNCG-ს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც კლუბის ლიგა 1-ში დატოვებას ითვალისწინებს. მადლობას ვუხდით სააპელაციო კომიტეტს კლუბის ახალი მენეჯმენტის საქმიანობის აღიარებისთვის.

ახალი მენეჯმენტი, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი აქციონერები და კრედიტორები, უკიდურესად მადლიერია კლუბის შიგნიდან და გარედან მიღებული მხარდაჭერისთვის – მათ შორის გულშემატკივრებისგან, პერსონალისგან, მოთამაშეებისგან, პარტნიორებისგან და არჩეული თანამდებობის პირებისგან.

დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია ლიონის „ოლიმპიკისადმი“ ნდობის აღსადგენად. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ყურადღება სპორტულ მიზნებზე გავამახვილოთ და სრულად მოვემზადოთ მომავალი სეზონისთვის“, – ნათქვამია „ლიონის“ ოფიციალურ განცხადებაში.

პირველი არხი