იემენელმა „ჰუსიტებმა“ რუსეთის ქალაქ პრიმორსკიდან ინდოეთის ქალაქ ვადინარში მიმავალ ტანკერზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, თავდასხმა იემენის ქალაქ მოკას მახლობლად მოხდა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ბალისტიკური რაკეტებით სამი დარტყმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს და განაცხადეს, რომ ბრიტანული ხომალდი „ანდრომედა სტარი“ დააზიანეს.

ცნობისთვის, „ანდრომედა სტარი“ ბრიტანეთს 2023 წლის ნოემბრამდე ეკუთვნოდა, ახლა კი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებაა.