საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ.

ლვოვში ჩასულმა ევროპელმა დიპლომატებმა პატივი მიაგეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას. მათთან ერთად იმყოფებოდა უკრიანის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.

„დღეს ჩვენ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად აღვნიშნავთ, რადგან ოჯახში სიხარულიც და გაჭირვებაც გაზიარებულია. საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ჩვენ უკრაინასთან ერთიანები ვართ ხანგრძლივი მშვიდობისთვის, მომავლისთვის, რომლისაც გვჯერა“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

უკრაინაში ჩასვლამდე, ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სხდომის შემდეგ კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტისას მოხდება უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საბოლოო პოლიტიკური მხარდაჭერა.

„დაუსჯელობა არ იქნება. იქნება პასუხისმგბელობა ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა კალასმა ვარშავაში.

ლვოვში ევროპელი დიპლომატების ვიზიტს ისტორიული შეკრება უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაი კალას და ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს ლვოვში ევროპის დღეზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მეგობრებო. ეს არის ისტორიული შეკრება ისტორიულ დროს. ის ასახავს უკრაინის საკვანძო როლს ევროპის თავისუფლებისა და ღირებულებების დაცვაში“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტი ლვოვის ლიჩაკოვის სასაფლაოზე მისვლით დაიწყო, სადაც დიპლომატებმა პატივი მიაგეს უკრაინელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასაცავად.

როგორც სიბიგამ აღნიშნა, კაია კალასთან პრემიერ-მინისტრ შმიგალის შეხვედრისას განხილული იყო უკრაინის გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ერთობლივი ძალისხმევა.

„წინ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების სპეციალური ტრიბუნალის საკითხებზე ძირითადი ჯგუფის შეხვედრა“, – დაწერა სიბიგამ.

პირველი არხი