„ცისარტყელის“ რეიტინგში, ათი წლის განმავლობაში, მალტა დომინირებდა, ამასთან, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე, რამდენიმე წელი, ბელგიაც იმყოფებოდა. თუმცა, შარშან ის მეორედან მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. 78-დან 85 ქულამდე მისი წლევანდელი წინსვლა და მეორე ადგილზე დაბრუნება განპირობებულია გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებით. წელს პოდიუმზე, 84 ქულით, მესამე ადგილზე ისლანდიაა, რომელსაც შარშან მეორე ადგილი ეკავა.

„ცისარტყელის“ მეორე ბოლოში, ისევე როგორც შარშან, რუსეთი (2 ქულა), აზერბაიჯანი (2) და თურქეთი (5) არიან.

ევროკავშირის ყველაზე „ცუდი მოსწავლეები“ კი არიან რუმინეთი (19 ქულა), პოლონეთი და ბულგარეთი (თითოეულს - 21 ქულა). ფლამანდიური LGBTQIA+ თემის ფედერაცია çavaria აღნიშნავს, ბელგიას მეტი პროგრესის მიღწევა შეუძლია, რისთვისაც ზოგიერთი რეგულაცია უნდა განხორციელდეს. ფედერაციას, კერძოდ, მიზანშეწონილად მიაჩნია არასრულწლოვანი ინტერსექსუალებისთვის დაწესებული აკრძალვების (სამედიცინო ჩარევების კუთხით) გაუქმება, როგორც ეს ფედერალურ მთავრობასთან მიღწეულ შეთანხმებაშია მითითებული.

მიუხედავად ბელგიისთვის წამახალისებელი წლევანდელი მეორე ადგილისა, çavaria ხაზს უსვამს, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსუალი ან ასექსუალი (LGBTQIA+) ადამიანების უფლებები ბევრ ევროპულ ქვეყანაში კვლავ ზეწოლის ქვეშაა.

კერძოდ, უნგრეთმა აკრძალა პრაიდის ყველა ღონისძიება, დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერი ადამიანების იურიდიული აღიარება შეიზღუდა, ხოლო საქართველომ LGBTQIA+ თემის რეკლამირების ნებისმიერი ფორმა აკრძალა.

„საერთაშორისო მოძრაობის გავლენით, ზიანდება არა მხოლოდ ლგბტ პირთა უფლებები, არამედ ქალთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებებიც. ეს შემაშფოთებელია“, - აცხადებს çavaria-ს წარმომადგენელი, თომას იანსი.

1tv.ge