ვებ-საიტ „ბასკეტნიუსის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც ლიეტუვას კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (LKF) ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, რიმანტას გრიგასის მხრიდან სექსუალური შევიწროების ნიშნები ვერ აღმოაჩინა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) ამ საკითხზე ცალკე გამოძიება დაიწყო.

LKF-მა გამოძიება თებერვალში ჩაატარა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დისციპლინური, ეთიკისა და სააპელაციო კომისიამ „შევიწროების ნიშნები ვერ აღმოაჩინა“, თუმცა, გრიგასს მაინც მისცა გაფრთხილება შესაძლო დარღვევების გამო, რომელიც მოთამაშეებთან კომუნიკაციას და სამწვრთნელო მოვალეობების ორგანიზების წესებს უკავშირდება.

„ბასკეტნიუსის“ ინფორმაციით, ფიბა-მ სთხოვა LKF-ს, კომისიის მიერ განხილული მასალები, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულთა საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, მისთვისაც გაეზიარებინა.

როგორც ირკვევა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიება ლიეტუვადან ანონიმური საჩივრის მიღების შემდეგ დაიწყო.

სკანდალი კი მას შემდეგ აგორდა, როდესაც კალათბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე და კლუბ „კიბირკშტის ვილნიუსის“ წევრი მწვრთნელის მხრიდან შევიწროების ან მის მანიშნებელ ქცევაზე ალაპარაკდა. უსაფრთხოებისა და კარიერისთვის შესაძლო ზიანის მიყენების შიშით, მათ ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადეს.

ამის შემდეგ, LKF-ის გენერალურმა მდივანმა, დომინიკას დომარკასმა, იურისტების დახმარებით, მოამზადა კითხვარი, რომელიც მოთამაშეებს გაეგზავნათ.

სპორტსმენებს სთხოვეს, მოეთხროთ გრიგასის ქცევის, მისი მხრიდან შესაძლო შევიწროების და სხვა ქმედებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, ეთიკურ და მორალურ ნორმებთან შეუსაბამო ყოფილიყო.

„ბასკეტნიუსის“ ცნობით, დომარკასმა მოთამაშეების პასუხები ინგლისურ ენაზე თარგმნა და ფიბა-ს გადაუგზავნა.

წყარო: 1 არხი