Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიურ რეიტინგში, ძირითად შემთხვევაში, ორი ტიპის მილიარდერებს ვხვდებით. მათ, ვინც ქონება მსხვილი კომპანიების დაარსების წყალობით დააგროვეს, ან უფრო მარტივად, მემკვიდრეობით მიიღეს. ამის მიუხედავად, რეიტინგში იშვიათად, მაგრამ მაინც მოიძებნებიან პირები, რომელთაც მილიარდერის სტატუსი სხვებისთვის მუშაობით მოიპოვეს.

საერთო ჯამში, Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში ე.წ. „დაქირავებული“ მილიარდერების რაოდენობა 49 პირს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს მათი რიცხვი 29 მილიარდერს უტოლდებოდა. Forbes-ის შეფასებით, მათი რაოდენობა, აქციების ღირებულების ზრდისა და აღმასრულებლების მაღალი ანაზღაურების პაკეტების წყალობით, სამომავლოდ ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

საინფორმაციო ფირმა Equilar-ის მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორის საშუალო წლიური ხელფასი შვიდჯერაა გაზრდილი. 2010 წელს მათი საშუალო წლიური ანაზღაურება $46 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო პიკს – $330 მილიონს – 2021 წელს მიაღწია.

მაშინ როდესაც ამერიკელების უმრავლესობა ქონებას ძირითადად ხელფასის ან საათობრივი გასამრჯელოს საშუალებით აგროვებს, აღმასრულებლები ხშირად ანაზღაურების დიდ ნაწილს აქციების ოფციონების სახით იღებენ. საკონსულტაციო ფირმა Semler Brossy-ის მონაცემებით, აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების პაკეტში, საშუალო სააქციო კომპონენტი 2012 წლის 54%-დან 2023 წლისთვის 66%-მდეა გაზრდილი. აღმასრულებლების სიმდიდრის მატებაზე დადებითი გავლენა ბოლო წლებში აქციების ღირებულების ზრდამაც იქონია. მაგალითისთვის, S&P 500-ის ინდექსი 2010 წლის შემდეგ თითქმის 370%-ით და 2021 წლიდან კი 25%-ით გაიზარდა.

შედეგად, თუ 2010 წელს ჯამში აშშ-ის 403 მილიარდერიდან მხოლოდ შვიდი იყო ე.წ. „დაქირავებული“ მილიარდერი, წელს მათი რიცხვი 49 პირს აღწევს. შედეგად, დღეს ამერიკის თითქმის 900 მილიარდერიდან 5% დაქირავებული მუშაკია. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის რეიტინგიდან ექვსი მილიარდერი წლევანდელ სიაშიც გვხვდება, მათ შორის: Microsoft-ის სტივ ბალმერი და Google-ის ერიკ შმიდტი, ასევე eBay-ის ჯეფ სკოლი და მეგ უიტმენი, სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი Stryker-ის ჯონ ბრაუნი და Blackstone-ის ჰამილტონ ჯეიმსი.

წლევანდელ რეიტინგს 18 ახალწვეულიც ჰყავს. Forbes-ის „დაქირავებულ“ მილიარდერთა რეიტინგის ახალ წევრებს შორის არიან Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, FICO-ს აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ლენსინგი, SpaceX-ის პრეზიდენტი და ოპერაციული დირექტორი გვინ შოტველი, Tesla-ს ტექნოლოგიების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი ჯეფრი სტრაუბელი, Nvidia-ს საბჭოს წევრი ჰარვი ჯონსი და ა.შ.

დაქირავებულ მილიარდერთა ათეული 2025 რეიტინგის მიხედვით:

  • სტივ ბალმერი: Microsoft-ის ყოფილი CEO – $130 მილიარდი
  • ერიკ შმიდტი: Google-ის ყოფილი CEO – $22.5 მილიარდი
  • რამზი მუსალამი: Veritas Capital-ის CEO – $9.2 მილიარდი
  • ჯონათან გრეი: Blackstone-ის პრეზიდენტი და COO – $9 მილიარდი
  • ჯონ ბრაუნი: Stryker-ის ყოფილი თავმჯდომარე და CEO – $8.4 მილიარდი
  • ჩარლზ სიმონი: Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი უფროსი არქიტექტორი – $7.8 მილიარდი
  • ჯეფ როზჩაილდი: Facebook-ის ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი – $6.2 მილიარდი
  • ჯეფ სკოლი: ebay-ის ყოფილი პრეზიდენტი – $5.2 მილიარდი
  • ჯაიშრი ულალი: Arista Networks-ს CEO და თავმჯდომარე – $4.7 მილიარდი
  • ჰამილტონ ჯეიმსი: Blackstone-ის ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე – $4.6 მილიარდი

forbes.ge