პუტინთან სატელეფონო ზარის შემდეგ, ტრამპი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების „დაუყოვნებლივ“ გამართვაზე საუბრობს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სასურველია, ეს ვატიკანში მოხდეს. პაპი ლეო XIV ამ იდეის ხორცშესხმისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. რა როლის შესრულება შეუძლია წმინდა საყდარს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში?
„მშვიდობა თქვენდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო ლეო XIV-მ თავისი პონტიფიკატი მაისის დასაწყისში. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მან მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილად ვატიკანი შესთავაზა. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ასეთი შესაძლებლობა დონალდ ტრამპმაც დაუშვა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარის შემდეგ. თუმცა, ვატიკანს ამ თემაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.
ასეთი შეხვედრის მასპინძელი ვატიკანი აქამდე არ ყოფილა
აუგსბურგის ეკლესიის ისტორიკოსის, იორგ ერნესტის ისტორიული ექსკურსი: XX საუკუნის 60-იან წლებში, ვიეტნამის ომის დროს, პაპმა პავლე VI-მ მეომარ მხარეებს მოლაპარაკებების ადგილად ვატიკანი შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. ასე რომ, ვატიკანი აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი შეხვედრების მასპინძელი, მაგრამ დიპლომატიური ხერხებით ის ხშირად ერეოდა კონფლიქტებში. თუმცა, სხვადასხვა ხარისხის წარმატებით.
ვატიკანის დიპლომატიის ცენტრალური მახასიათებელია მიუკერძოებლობა. "წმინდა საყდარი არ იკავებს რომელიმე მხარის პოზიციას და, შესაბამისად, არ განსჯის რომელიმე მხარის მიერ ჩადენილ უსამართლობას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას სამშვიდობო შუამავლის როლის შესრულება“, - ამბობს ერნესტი. ასეთი პოზიცია დაიკავა პაპმა ფრანცისკემაც, რომელმაც კიევში ვიზიტები გააუქმა, სანამ რუსეთისგანაც არ მიიღო მიპატიჟება. მართალია, ამ ნაბიჯმა კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ რომის პაპის ნეიტრალური ხაზი კარგად წარმოაჩინა.
ფრანცისკესა და იოანე პავლე II-ს დიპლომატიური წარმატებები
წარსულში, პაპის ნეიტრალურობა ზოგჯერ ეფექტური იყო. მაგალითად, 2014 წელს წმინდა საყდარმა წარმატებით მოახდინა შუამავლობა კუბასა და აშშ-ს შორის კონფლიქტში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ ფრანცისკემ თქვა: „მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის გამოყენება, ხალხთა გულების დაახლოება, ძმობის დათესვა - სწორედ ეს არის დიპლომატიის ამოცანა“.
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორის, კრისტიან ვალტერის თქმით, პაპი იოანე პავლე II, როგორც შუამავალი, ასევე წარმატებული იყო არგენტინასა და ჩილეს შორის გაჩაღებულ ბეგლის არხის დავაში. სასაზღვრო კონფლიქტების გამო, ორი ქვეყანა ომის ზღვარზე იყო მისული. ვალტერის თქმით, სწორედ პაპის შუამავლობით მოხერხდა ომის თავიდან აცილება. „ორივე ქვეყანა ძალიან კათოლიკურია. შესაძლოა, დიდი როლი სწორედ ამან ითამაშა“.
„წმინდა საყდარი“ მსოფლიო კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენს
ვალტერის განმარტებით, საერთაშორისო სამართალში ვატიკანი ფიგურირებს არა როგორც სახელმწიფო, არამედ როგორც „წმინდა საყდარი“ და ის სხვა სახელმწიფოების თანასწორია. სპეციფიკა იმაშია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი წარმომადგენლობა პერსონალურია და არა ტერიტორიული. ამრიგად, „წმინდა საყდარი“ წარმოადგენს მსოფლიო კათოლიკურ ეკლესიას და არა მხოლოდ ვატიკანის სახელმწიფოს.
კლასიკური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, „წმინდა საყდარი“, უპირველეს ყოვლისა, მორალური (და არა ფიზიკური) ძალაუფლების მატარებელია. თუმცა, მას პოლიტიკურ დონეზე გავლენის მოხდენაც შეუძლია.
არანაირი წინაპირობა, უკრაინისა და რუსეთის თანხმობის გარდა
ვალტერის შეფასებით, პაპ ლეო XIV-ის მზადყოფნა, წარმოჩინდეს როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძელი, ნაკლებად არის შუამავლობა და უფრო „კეთილი ნების“ შეთავაზებას წარმოადგენს. ეს დიპლომატიური ტერმინი გულისხმობს ოთახების, საცხოვრისის, თარჯიმნების ან კულტურული შუამავლობის უზრუნველყოფას. „ის მოლაპარაკებების შინაარსში არ ერევა“, - ამბობს ვალტერი.
არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ვატიკანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალურ ადგილად დასახელდეს. „ამაზე ორივე მხარე - ამ შემთხვევაში რუსეთი და უკრაინა - უბრალოდ უნდა დათანხმდნენ“, - აცხადებს ვალტერი. იგივე ეხება სხვა მთავარ მოთამაშეებსაც, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი.
როგორ უნდა მოხერხდეს ვატიკანში პუტინის მისვლა?
ერთი ბარიერია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული პრეზიდენტ პუტინის დაკავების ორდერი. საერთაშორისო სამართლის ექსპერტის განმარტებით, იტალიას მოუწევს შესაბამისი ზომების მიღება, თუ ამას საერთაშორისო სასამართლო მოითხოვს.
„ამის შემდეგ, ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეუძლია პუტინს ვატიკანში ჩასვლა იტალიის ტერიტორიაზე შესვლის გარეშე. ვერტმფრენით ფრენის შემთხვევაშიც კი, მან იტალიის საჰაერო სივრცეში უნდა გაიაროს“. თუმცა, ვალტერი ეჭვობს, რომ იტალიის მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრის გზის პოვნას უკვე ცდილობს.
პოტენციალი არსებობს, ისევე როგორც დაბრკოლებები
ვალტერის თქმით, შეუძლია თუ არა ვატიკანს სამშვიდობო მოლაპარაკებების მუდმივ ადგილად იქცეს, დამოკიდებულია ამჟამინდელი ძალისხმევის წარმატებით დასრულებაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად ენდობიან კონფლიქტის სხვა მხარეები ვატიკანის ნეიტრალიტეტს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ პაპის ოლქი მართლა შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც „მტრებს შეუძლიათ შეხვდნენ და თვალი გაუსწორონ ერთმანეთს“, როგორც ეს პაპმა ლეო XIV-მ თანამდებობის დაკავებისთანავე საჯაროდ განაცხადა.
წყარო:1tv.ge