ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ღირებულება, ოთხშაბათს დასრულებული სავაჭრო დღის შედეგებით, 4.3%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს, $154.31-ს მიაღწია. შედეგად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ქონებას $5 მილიარდი შეემატა.

აქციების გაძვირების გავლენით, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $150 მილიარდით გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, ნახევარგამტარების ამერიკულმა მწარმოებელმა საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს ($3.658 ტრილიონი) გადაასწრო და ამჟამად, $3.763 ტრილიონით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე წელს, Nvidia-ს აქციების ღირებულება 11%-ით გაიზარდა.

Nvidia-ში ჯენსენ ჰუანგი დააახლოებით 3%-იან წილს ფლობს, რაც საერთო ჯამში 859 მილიონი აქციაა. Forbes-ის უახლესი შეფასებით, ჰუანგის ქონება ამჟამად $134.5 მილიარდს უტოლდება, რაც მას მსოფლიოში მეათე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ჰუანგმა ბოლო კვირის განმავლობაში Nvidia-ს 100 000 აქცია გაყიდა, წლის ბოლომდე კი 6 მილიონამდე აქციის გაყიდვას გეგმავს. მსგავსი გეგმის ფარგლებში, გასულ წელს მან Nvidia-ს დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

წყარო: forbes.ge