საუდის არაბეთმა სირიაში $6.4 მილიარდის ინვესტიცია განახორციელებს. თანხა ომით განადგურებული ქვეყნის რეკონსტრუქციას მოხმარდება. ინვესტიციები უძრავ ქონებაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, ტელეკომუნიკაციებში და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ჩაიდება. საინვესტიციო გარიგებები მოიცავდა 2.93 მილიარდ აშშ დოლარს უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და დაახლოებით 1.07 მილიარდ აშშ დოლარს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორისთვის. ინიციატივის განხორციელებაში Saudi Telecom Company, GO Telecom-ი, Classera და სხვა არაერთი არაბული კომპანია ჩაერთვება. სირიასა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმება სულ 47 პროექტის განხორციელებას მოიცავს. 

გარიგებების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა დამასკოს ფორუმზე გაასაჯაროვა. საუდის არაბეთის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება სირიის ახალი მმართველების მიმართ მტკიცე მხარდაჭერად ფასდება. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის დამოკიდებულება სირიის მიმართ ბაშარ ალ ასადის გაქცევისა და ხელისუფლებაში აჰმედ ალ შარაას ძალების მოსვლის შემდეგ შეიცვალა. 

ბოლო თვეებში სირიამ ხელი მოაწერა 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგეტიკის ხელშეკრულებას კატართან და 800 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანია DP World-თან. ამერიკული ენერგეტიკული კომპანიები ასევე აპირებენ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. აპრილში საუდის არაბეთმა და კატარმა განაცხადეს, რომ სირიის მსოფლიო ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას დაფარავდნენ, რაც ახალი სესხების გაცემის შესაძლებლობას გახსნიდა.