გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების სააგენტოს (UNHCR) დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, უკრაინელმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, მათ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის 3,5 წლის შემდეგ, პოლონეთის ეკონომიკის დონე მნიშვნელოვნად აამაღლეს.

ბევრმა უკრაინელმა, როგორც რიგითმა მუშაკებმა, ისე მეწარმეებმა, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავისი ქვეყანა, პოლონეთის შრომის ბაზარი სწრაფად აითვისეს. კომპანია Deloitte-ის მონაცემებით, რომელმაც კვლევის პროფესიონალური მომსახურება უზრუნველყო, გასულ წელს, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2,7% უკრაინელმა დევნილებმა შექმნეს.

„უკრაინელმა დევნილებმა პოლონეთის მშპ-ს 2,7% შექმნეს, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, მხოლოდ ერთ წელიწადში, 61%-დან 69%-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ პოლონეთის გადაწყვეტილებამ, ომის დასაწყისშივე გაეხსნა თავისი შრომის ბაზარი, დევნილებს საშუალება მისცა, ქვეყნის ეკონომიკაში ინტეგრირებულიყვნენ და თავი, ძირითადად, საკუთარი შრომით ერჩინათ.

უკრაინიდან პოლონეთში დევნილები გახდნენ აქტიური მუშები, ბიზნესის მფლობელები და მომხმარებლები, რამაც პროდუქტიულობის და მათზე მოთხოვნის გაზრდას შეუწყო ხელი.

„მეტი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში“

„დევნილები არა მხოლოდ დახმარების მიმღებები არიან, არამედ, ამავე დროს, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასაც უწყობენ ხელს. მათი პოლონეთში ყოფნა ამ ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარა, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლებისთვის მიეღწია“, - ნათქვამია კვლევაში.

Deloitte რეკომენდაციას იძლევა, გაფართოვდეს დევნილების შესაძლებლობების გამოყენება, პროფესიონალებისთვის ენის შესწავლის ტრენინგების შეთავაზებისა და ზოგიერთ პროფესიაში შეზღუდვების შემსუბუქების გზით, რათა უფრო მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს მიეცეს შანსი, სამუშაო ძალას შეუერთდეს და უფრო მეტი წვლილი შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

„მიზნობრივი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, განსაკუთრებით - იძულებით გადაადგილებულ პირებში, არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობაა, არამედ ეკონომიკურადაც არის გამართლებული“, - წერენ კვლევის ავტორები.

„ასეთი პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებას, აუმჯობესებს შინამეურნეობების კეთილდღეობას და ქმნის უფრო ინკლუზიურ შრომის ბაზარს“, - აღნიშნავენ ისინი.

გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების სააგენტოს წარმომადგენლის, რაფალ კოსტრჟინსკის თქმით, კვლევა „აცამტვერებს რამდენიმე მითს“, მათ შორის მოსაზრებას, რომ უკრაინელი დევნილები ტვირთად აწვებიან პოლონეთის ეკონომიკას.

„თუ დღემდე ფიქრობდით, რომ დევნილები აზიანებენ ეკონომიკას, ამაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდით“, - აცხადებს UNHCR-ის წარმომადგენელი პოლონეთში, კევინ ალენი.

„მას შემდეგ, რაც იძულებულნი გახდნენ, რუსულ აგრესიას გაქცეოდნენ და დევნილ უკრაინელებს პოლონეთმა მუშაობის და მცირე ბიზნესის გახსნის ნება დართო, 2024 წელს მშპ-ს მოცულობა 2,7-ს პროცენტით გაზარდა“, - დასძინა მან.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისად იქცა.

14 ივნისი ომის 1206-ე დღეა.

წყარო: 1არხი