პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს ტერიტორიული ამბიციები უკრაინის მიღმა, მაგრამ მას ახლა საკითხის გადაწყვეტა სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინს ისეთ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ირანის მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტთანაც შეძლებს საკითხის მოგვარებას.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე არ უსაუბრია.
„ის სინამდვილეში ძალიან კარგია. იცით, ცოტა რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ უფრო კარგი ვერც იქნებოდა. მგონი, მას სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. რაც შეხვედრიდან გამოვიტანე, ვფიქრობ, მას სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. ვფიქრობ, მას სურს, ეს დასრულდეს. ვფიქრობ, ახლა ამის დასრულებისთვის შესანიშნავი დროა. ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები და ვნახავ, შეგვიძლია თუ არა, ამის დასრულება. გასულ კვირას შვიდი ათასამდე ახალგაზრდა უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს სიგიჟეა. ზელენსკისთან კარგი შეხვედრა მქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათის განმავლობაში დასრულებასთან დაკავშირებით სარკასტული იყო, რადგან სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
„ვლადიმერ პუტინი უფრო რთული იყო. გულწრფელად რომ ვთქვა, ზელენსკისთან გარკვეული პრობლემები მქონდა. შესაძლოა, ამის შესახებ წაგიკითხავთ. ეს უფრო რთულია სხვა ომებთან შედარებით. ჩვენ 12 დღეში დავასრულეთ ომი, რომელიც 30 წელია დუღდა. ჩვენ დავასრულეთ რუანდის და კონგოს კონფლიქტი, დავასრულეთ სერბეთი და კოსოვო, ყველაზე მნიშვნელოვანი კი – ინდოეთი და პაკისტანია, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი. მე მათ ვუთხარი, თუ ბრძოლას გააგრძელებდნენ, სავაჭრო შეთანხმებები არ გვექნებოდა. მათ თქვეს, არა, ჩვენ უნდა გვქონდეს ეს შეთანხმებებიო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, მისცემს თუ არა აშშ-ი უკრაინას „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნახავს, შეუძლია თუ არა, აშშ-ს ზოგიერთი მათგანის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თუმცა აღიარებს, რომ მათი „მოპოვება ძალიან რთულია“.