რა ჯდება ფრანცისკეს დაკრძალვა და კონკლავის ჩატარება?
7 მაისიდან ათასობით მორწმუნე წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბა, რათა პაპ ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევა ახლოდან ენახა.
საეკლესიო ცერემონიების ხარჯებს, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, თავის თავზე ვატიკანი იღებს, ხოლო იტალიის ხელისუფლება უსაფრთხოების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი. როგორც წმინდა საყდრის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული, 2005 წელს პაპ იოანე პავლე II-ის დაკრძალვა და მისი მემკვიდრის, ბენედიქტე XVI-ის არჩევა ვატიკანის ხაზინას 7 მილიონი ევრო დაუჯდა. მართალია, ასეთ ანგარიშებს ვატიკანი ყოველწლიურად ერთნაირი გამჭვირვალობით არ აქვეყნებს, მაგრამ ცნობილია, რომ მისი ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება. 2013 წელს, ბენედიქტე XVI-ის გადადგომის შემდეგ, წმინდა საყდარს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დაჯდა კონკლავი, რომელიც ფრანცისკეს არჩევით დასრულდა. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ იმ წელს ვატიკანის ბიუჯეტის დეფიციტმა 24 მილიონი ევრო შეადგინა.
უსაფრთხოების დაცვის 11 900 აგენტი
რომის მაშინდელმა მერმა, ჯანი ალემაგომ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა, მუნიციპალიტეტს დახმარებოდა. მან ტრანსპორტირებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორც რომში, ასევე ვატიკანში, 4,5 მილიონ ევროდ შეაფასა. ლატერანის შეთანხმებების შემდეგ, რომელიც ვატიკანმა და იტალიამ 1929 წელს გააფორმეს, ვატიკანის სიახლოვეს და წმინდა პეტრეს მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იტალიის პოლიცია და ვატიკანის ჟანდარმერიაა პასუხისმგებელი. ეს ის ტერიტორიაა, სადაც დღეს მორწმუნეები ფრანცისკეს მემკვიდრის სახელი გამოცხადდებას ელოდებიან. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, ნელო მუსუმეჩიმ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ იტალიის მთავრობას გასაღები მთლიანი ხარჯის ოდენობა ჯერ არ ჰქონდა დათვლილი და იქვე დასძინა, რომ „პირველი ხუთი მილიონი ევროს გადახდისთვის საჭირო ზომები უკვე მიღებულია“. თავის მხრივ, იტალიის მთავრობამ გაიხსენა, რომ 2005 წელს პაპის დაკრძალვას და კონკლავის ჩატარებას უსაფრთხოების დაცვის 11 900 აგენტი, 1000 მეხანძრე და 5 000 საჯარო მოხელე მოემსახურა.
ქალაქი რომი და სასტუმროების სექტორი, საერთო ჯამში, მოგებას ელოდებიან: მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია „კოდაკონსის“ ცნობით, ფრანცისკეს დაკრძალვის დროს „სასტუმროებისა და საცხოვრებელი ადგილების ფასებმა რომში სტრატოსფერულ დონეს“ მიაღწია: ვატიკანთან ახლოს მდებარე უბნებში ნომრის (ოთახის) ფასი 200-დან 2000 ევრომდე მერყეობდა, მაშინ როცა ისინი, სხვა დროს, ძირითადად, 170-დან 780 ევრომდე ღირს.
ფინანსების ქრონიკული დეფიციტი
ოთხშაბათს დაწყებული კონკლავის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ვატიკანის საყდარს არ გაუსაჯაროვებია. მისი წარმომადგენელი, მატეო ბრუნი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ „სპონსორების“ რეკლამირება დაუშვებელია. არადა, ფრანცისკეს დაკრძალვასა და კონკლავის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კარდინალები და მათი თანაშემწეები მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულნი. ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საცხოვრებლით, საკვებით, სამრეცხაო მომსახურებით... გარდა ამისა, საჭირო იყო სიქსტეს კაპელას მომზადება კონკლავისთვის, წმინდა პეტრეს მოედნის კი - ფრანცისკეს დაკრძალვისთვის, ასევე ახალი პაპის სახელის გამოცხადებისთვის. ვატიკანის მონაცემებით, ეს ღონისძიებები, ერთობლიობაში, კიდევ უფრო დაამძიმებენ წმინდა საყდრის ფინანსებს, რომლის ცენტრალურ მთავრობას (კურიას) 2022 წელს დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობის დეფიციტი ჰქონდა, შემოსავლები კი 769 მილიონ ევროს შეადგენდა. ვატიკანის ფინანსებში წესრიგის დამყარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, პაპმა ფრანცისკემ 2014 წელს ეკონომიკის სამდივნო შექმნა. მისმა პრეფექტმა, ესპანელმა მღვდელმა, ხუან ანტონიო გერერომ 2022 წელს განაცხადა, რომ ამ ორგანომ გადაწყვიტილებით, ვატიკანი თავისი უზარმაზარი მემკვიდრეობის ნაწილს გაყიდის, რათა ყოველწლიურად დამატებით „20-25 მილიონ ევროს მოუყაროს თავი“.
მიუხედავად ამისა, მორწმუნეებისგან შემოწირულობებისა და ფინანსური ინვესტიციების შემცირების გამო, ჯუჯა სახელმწიფო სახსრების ნაკლებობას მაინც განიცდის. მის იმიჯს ასევე ჩრდილი მიაყენა თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებულმა სკანდალმა, რის გამოც კარდინალ ანჯელო ბეჩუს ამჟამად მიმდინარე კონკლავში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს.
ვინ არის ახალი პაპი, ლეო XIV?
69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი ხუთშაბათს, 8 მაისს პირველი პაპი გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბადებული. მას იცნობენ ზომიერი შეხედულებების მქონე პიროვნებად, რომელსაც მოსმენის უნარი გააჩნია, არის კარგი მოდერატორი და კარგად იცნობს როგორც ვატიკანის შიდა სამზარეულოს, ასევე მისი საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს.
„ეპისკოპოსი არ უნდა იყოს პატარა პრინცი, რომელიც მუდმივად თავის სამეფოში ზის. ის ხალხთან ახლოს უნდა იყოს, მას ემსახუროს და მასთან ერთად იტანჯოს“, - განაცხადა მან 2024 წელს ვებგვერდ Vatican News-თან ინტერვიუში.
2023 წელს ფრანცისკემ პრევოსტი კარდინალად აკურთხა, რამაც ხელი შეუწყო ვატიკანში მის აღზევებას. მანამდე ის შვიდი დიკასტერიის (ვატიკანის სამინისტროების ექვივალენტი) წევრი იყო.
რობერტ ფრენსის პრევოსტი, კერძოდ, სათავეში ედგა საეპისკოპოსო კანცელარიას, რამაც ის აქცია წინა პაპის მრჩევლად პრელატების დანიშვნის საკითხში.
ადამიანი, რომელსაც პაპი ფრანცისკე აფასებდა
ფრანცისკე განსაკუთრებულად აფასებდა ამ ადამიანს, რომელსაც ხშირად ახასიათებენ როგორც თავშეკავებულსა და მოკრძალებულს. ეს პიროვნება წლების განმავლობაში გადახვეწილი იყო „პერიფერიებში“ - შორეულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ეკლესიის მხრიდან ბოლო დრომდე ყურადღება ნაკლებად ექცეოდა.
ჩიკაგოში დაბადებულმა პრევოსტმა ჯამში ორი ათწლეული პერუში გაატარა, სადაც მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა და ქვეყნის ჩრდილოეთ მდებარე ჩიკლაიოს ეკლესიის არქიეპისკოპოს-ემერიტუსი გახდა.
ვატიკანის მთავრობაში (კურიაში) მას აქვს ზომიერი შეხედულებების მქონე სასულიერო პირის რეპუტაცია, რომელსაც განსხვავებული თვალსაზრისების შეხამება შეუძლია.
მისი გამოცდილების, გლობალური ხედვისა და ვატიკანის ბიუროკრატიაში ნავიგაციის უნარის საფუძველზე, ვატიკანის ექსპერტებმა, არჩევნების წინ, პრევოსტი ამერიკელ კარდინალებს შორის ფავორიტად დაასახელეს.
ყველაზე ნაკლებად ამერიკელი სხვა ამერიკელებს შორის
იტალიურმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ“, ზომიერი ტონის გამო, პრევოსტი დაახასიათა, როგორც „ყველაზე ნაკლებად ამერიკელი სხვა ამერიკელებს შორის“.
საეკლესიო სამართლაში ღრმა ცოდნამ მას დიდი პატივი შესძინა კონსერვატორი კარდინალების თვალში, რომლებიც თეოლოგიური საკითხების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან.
ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ პრევოსტმა განაცხადა, რომ ეკლესიაში „კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“.
„ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩერდეთ, უკან დაბრუნებაც არ შეგვიძლია. უნდა დაველოდოთ, რას ისურვებს სულიწმინდა დღევანდელი და ხვალინდელი ეკლესიისთვის. დღევანდელი სამყარო, რომელშიც ეკლესია ცხოვრობს, არ არის იგივე, რაც ათი ან ოცი წლის წინ იყო“, - განაცხადა მან აპრილში.
„ღვთის გზავნილი ყოველთვის ერთი და იგივეა (...), მაგრამ დღევანდელ ადამიანებთან, ახალგაზრდებთან, ღარიბებთან, პოლიტიკოსებთან მისი მიტანის გზა განსხვავებულია“, - აღნიშნა მან.
მონსინიორ პრევოსტი 1955 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. სწავლობდა წმინდა ავგუსტინეს ორდენის სემინარიაში, რომელშიც 1977 წელს შევიდა. თეოლოგის ხარისხის გარდა, ასევე აქვს მათემატიკოსის დიპლომი.
1982 წელს მღვდლად აკურთხეს და ორი წლის შემდეგ, მისიონერად გაგზავნეს პერუში, სადაც მრავალი წელი დარჩა.
1999 წელს დაბრუნდა ჩიკაგოში, როგორც შუა დასავლეთის ავგუსტინელთა ხელმძღვანელი, შემდეგ კი (2001 წელს) - გენერალური პრიორი.
2014 წელს პაპმა ფრანცისკემ ის ჩრდილოეთ პერუში, ჩიკლაიოს ეპარქიის სამოციქულო ადმინისტრატორად დანიშნა.
2023 წელს მონსინიორ პრევოსტი ვატიკანის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე - ეპისკოპოსთა გავლენიანი დიკასტერიის პრეფექტად დაინიშნა.
ამ სტრატეგიულ პოსტზე მან შეცვალა კანადელი კარდინალი მარკ უელე, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული და თანამდებობიდან ასაკის გამო გადადგა.
მონსინიორ პრევოსტი ასევე არის ლათინური ამერიკაში რომის პაპის კომისიის პრეზიდენტი.
წყარო: 1 არხი