დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან განიხილა უკრაინის „ოკუპაციის“ მოდელი, რომელიც ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის ანალოგიურია. თეთრი სახლი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ამის შესახებ გაზეთი „ტაიმსი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ამ სცენარს ვიტკოფი მხარს უჭერს. 1967 წელს ისრაელმა პალესტინის ტერიტორიის ნაწილის, კერძოდ კი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია მოახდინა. 2025 წლის მდგომარეობით, ისრაელი ამ ტერიტორიას დე-ფაქტო და ეკონომიკურად აკონტროლებს, იქიდან პალესტინელებს ასახლებს და თავის დასახლებებს ქმნის.

რუსეთი აპირებს, 15 აგვისტოს, ალასკაზე ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების დროს, ეს მოდელი შეერთებულ შტატებს შესთავაზოს. რუსეთს სურს, ფაქტობრივად გააკონტროლოს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დე-იურე უკრაინულად ჩაითვლება. ამ მოდელის მიღების შემთხვევაში, უკრაინის სახელმწიფო საზღვრები არ შეიცვლება და არც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. „ტაიმსის“ ცნობით, შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის ამ მოდელს დღეს არსებული „რეალობის ასახვად“ მიიჩნევს.

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია და იქ ისრაელის მოქალაქეების დასახლება უკანონოდ ცნო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ისრაელს ოკუპაციის შეწყვეტა დაავალა და ბოლოჯერ ეს გენერალურ ასამბლეაზე 2024 წლის სექტემბერში გამართული კენჭისყრის დროს გაკეთდა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ „ტაიმსის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია უარყო. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

„ეს არის „ტაიმსის“ აბსოლუტურად მცდარი და დაუდევარი რეპორტაჟი“, - დაწერა ანა კელიმ.

6 აგვისტოს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, სტივ ვიტკოფმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული დათმობები ორივე მხრიდან მოხდება. მისი ვარაუდით, კრემლის ლიდერს სურს, რომ უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გავიდნენ. ეს საუბარი [ვიტკოფის რუსეთში ვიზიტის შემდეგ შედგა.

8 აგვისტოს ტრამპმა პუტინთან შეხვედრა დააანონსა და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ტერიტორიების გაცვლასაც გულისხმობს“.

12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უარი თქვა დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილიდან უკრაინის სამხედრო ძალების გაყვანის შესაძლებლობაზე, როგორც ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინაპირობაზე.

„ახლა მათ სურთ დაახლოებით 9 000 კვადრატული კილომეტრის გადაცემა, რაც მთელი დონეცკის ოლქის დაახლოებით 30%-ს შეადგენს (არაოკუპირებული ტერიტორიის ფართობი - რედ.). ეს იქნება პლაცდარმი ახალი აგრესიისთვის“, - აღნიშნა მან.

13 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და რაიმე ტერიტორიულ დათმობას არ დაუშვებს.

„მინდა დაუყოვნებლივ და ხაზგასმით აღვნიშნო: ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, არ შეიძლება განხილული იყოს ჩვენი სახელმწიფოს პოზიციის, ჩვენი ხალხის ნებისა და უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინების გარეშე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

რა არის ცნობილი ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადების შესახებ

8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის 15 აგვისტოს ამერიკის შტატ ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში გაიმართება.

მანამდე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დეკლარაციის ხელმოწერის დროს, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობასაც გულისხმობს. ტრამპის განცხადებით, საუბარია ტერიტორიულ დათმობებზე, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, თუმცა, რუსეთისთვის რაიმე ტერიტორიული დათმობა გამორიცხა.

10 აგვისტოს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირსსაც ეხება. ამიტომ, მან ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოიწვია, რათა შემდგომი ნაბიჯები განეხილათ.

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (Suspilne) ინტერვიუში, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისა და კრემლის მეთაურის პუტინის შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ შედეგებს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ „რუსეთის ლიდერს მხოლოდ ტრამპთან სურათის გადაღება და სანქციების გადადება სურს“.

12 აგვისტოს, ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა კრემლის მეთაურთან აშშ-ში პუტინის პირადი გამარჯვებაა. მისივე თქმით, ომთან დაკავშირებული საკითხები, სულ მცირე, სამმხრივ ფორმატში, უკრაინის მონაწილეობით, უნდა განიხილებოდეს.

წყარო: 1 არხი