ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებს მთლიანობაში საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, რათა უკრაინის მოთხოვნა ზოგიერთის გადაცემის შესახებ დააკმაყოფილონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების, დანიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იუწყება European Pravda.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპას 100-ზე ნაკლები საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს, რომლებიც  ცალკეულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ადრე ახსენეს, მაგრამ, მისივე თქმით, „მთელ ალიანსს „პატრიოტის“ სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რა თქმა უნდა, აქვს“.

„ეს ასევე მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ შეერთებულ შტატებს - რომელიც ალიანსში „პატრიოტის“ სისტემების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა - გლობალური ვალდებულება აქვს. თუმცა რეალობა ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს ხელმისაწვდომი სისტემები, რომელთა რაოდენობაც საკმარისია იმისათვის, რომ შევძლოთ, უკრაინას გაცილებით მეტი დახმარება მივაწოდოთ“, - აღნიშნა მან.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები მუშაობენ იმისთვის, რომ კიევს მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, კონკრეტულად კი „პატრიოტის“ სისტემები მიაწოდონ.