თურქეთის მარცვლეულის ასოციაციამ 2025-2026 წლების სეზონისთვის თხილის შესყიდვის ოფიციალური ფასები გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Giresun-ის ხარისხის ღირებულება კილოგრამზე 200 ლირას, ანუ 4.93 დოლარს შეადგენს, ხოლო Levant -ის ხარისხის 1 კგ თხილის ფასი 195 ლირას, ანუ 4.79 დოლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით თხილის ფასმა დაახლოებით 50%-ით მოიმატა. ამის შესახებ EastFruit-ი წერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის მოსავალს უკავშირდება. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს თხილის თითქმის 70%-ით ამარაგებს, ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოსავლის წინაშე დგას. აპრილში ყინვის შედეგად თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ხილის ბაღები მნიშვნელოვნად დააზიანდა, რის გამოც წარმოება 400 000 ტონაზე ნაკლებს შეადგენს, მაშინ, როცა ჩვეულებრივ მოსავალი 700 000 - 800 000 ტონაა.
ცნობილია, რომ მარცვლეულის ასოციაცია მაღალი ხარისხის მოსავალზე დამატებით თანხას გადაიხდის. ფასების ეს მექანიზმი კი მიზნად ისახავს თურქი მწარმოებლების დახმარებასა და არასტაბილური მიწოდების პირობებით გამოწვეული მარკეტინგული სირთულეების მოგვარებას.
ანალიტიკოსების მტკიცებით, შიდა ფასებმა შესაძლოა, კილოგრამზე 300 ლირას მიაღწიოს, ხოლო საერთაშორისო ფასმა კილოგრამზე 10 დოლარამდე აიწიოს, ისევე, როგორც ეს 2014 წელს მსგავსი დეფიციტის შემდეგ იყო.
ფასების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გლობალური შოკოლადის მწარმოებლებისთვის, როგორიცაა იტალიური „ფერერო“, რომელიც თურქეთის წლიური წარმოების დაახლოებით 25%-ს ყიდულობს და თხილს თავის შოკოლადის პროდუქტებში ძირითად ინგრედიენტად იყენებს.