უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ოტავის კონვენციიდან გასვლა სიგნალია რუსეთის საზღვრებთან მდებარე ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის.

„რუსეთი არასდროს იყო ამ კონვენციის მონაწილე და უკიდურესად ცინიკურად იყენებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს არამხოლოდ ახლა, უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს არის რუსი მკვლელების ხელწერა – სიცოცხლის განადგურება ყველა მეთოდით, რაც მათ ხელთ აქვთ: ქიმიური იარაღის, ბალისტიკური იარაღის, მათ შორის საშუალო მანძილის რაკეტების გამოყენება, ასევე სხვადასხვა ტიპის ნაღმები, მათ შორის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. სამწუხაროდ, ასეა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რთული პროცედურის მიუხედავად, უკრაინამ გადაწყვიტა ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

„რა თქმა უნდა, ვხედავთ, როგორ რეაგირებენ ევროპელი მეზობლები ამ საფრთხეზე. ასევე, ვიცით გასვლის პროცედურის სირთულეებიც, როცა ეს ხორციელდება ომის პირობებში. ამით ვაძლევთ სიგნალს ყველა ჩვენს პარტნიორს, რაზეა საჭირო კონცენტრირება. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე მდებარეობს. სწორედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც ძალიან ხშირად არ აქვს ალტერნატივა თავდაცვისთვის“, – განმარტავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენცია, ასევე ცნობილი, როგორც ოტავის ხელშეკრულება, კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, გამოყენებას, შენახვასა და გადაცემას.