ქართველ ავტოიმპორტიორებს ამერიკის ბაზრიდან მეორადი ავტომობილების შემოყვანა უძვირდებათ. დაწესებული ტარიფების ეფექტი უკვე იგრძნობა. შტატებიდან საქართველოში მეორადი ავტომობილის ჩამოყვანა 10-15%-ით უკვე გაძვირდა. ,,საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ამერიკის ბაზარზე მეორადი ავტომობილების შეძენა თავად ამერიკის მოქალაქეებმა დაიწყეს, რამაც დეფიციტი შექმნა და ფასი გაზარდა. ალექსი ნონიაძის განცხადებით, იმ კომპანიების ბრუნვა, რომლებიც მეორადი ავტომობილებით ვაჭრობენ შტატებში 46%-ით გაიზარდა. ზრდა ადგილობრივი მომხმარებლის და ადგილზე გაყიდვების მატებამ განაპირობა.
,,ის რაც უკვე რეალობაა და რა მოცემულობაც გვაქვს არის ის, რომ მეორადი ავტომობილების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, ბრუნვა აშშ-ში გაიზარდა 46%-ით. იგულისხმება, რომ ამერიკის ავტომობილების მეორად ბაზარზე ამერიკის მოქალაქეების მიერ შეძენილი ავტომობილების რაოდენობა იზრდება. ამერიკის მოქალაქე კონკურენციაში შედის. ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს ჩვენზეც. ეს გამოიწვევს დეფიციტს და გამოიწვევს ფასების ზრდას. უკვე შეინიშნება ფასების ზრდა. დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა უკვე შეინიშნება. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, შესაძლებელია მომავალში ფასნამატი კიდევ გაიზარდოს.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
,,საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელს პროგნოზის გაკეთება უჭირს. მისი თქმით, მეორად ავტომობილებზე ფასის მატება უარყოფითი მოლოდინების შედეგია, რომელიც ამერიკის მოსახლეობას ამ ეტაპზე აქვს. ალექსი ნონიაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ვითარება დასტაბილურდეს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თეთრი სახლის მხრიდან ტარიფების ომის პროცესში მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე კეთდება განცხადებები.
,,გაგვიჭირდება თქმა იმისი, თუ რამდენი %-ით შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ფასი. ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის რეაქციაზე, დამოკიდებული იქნება ამერიკელი მოქალაქის მსყიდველობით უნარზე. ამერიკის მოქალაქის მსყიდველობითუნარიანობა დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრს ფაქტორზე. ადგილზე მიმდინარე პროცესებზე. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე არის ის, რომ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ამან მოლოდინებზე და აღქმებზე. ამ უარყოფითმა აღქმებმა და მოლოდინებმა ეს ეფექტი მოგვცა. ეს იყო მწვავე რეაქცია მომხმარებლის, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თეთრის სახლის რიტორიკა გვესმის, რომ სატარიფო ომები თავის კალაპოტში უნდა ჩადგეს. გამოიკვეთა, რომ შეიძლება მეტი შეღავათები მიიღონ. ამას სჭირდება დრო. არ არის გამორიცხული, რომ იყოს დადებითი შედეგები. პირველი რეაქცია იყო ნეგატივი და პროცესის მკვეთრად უარყოფითი აღქმა. შეიძლება შეიცვალოს ვითარება და დასტაბილურდეს. შეიძლება უარესად გაგრძელდეს პროცესები. გამიჭირდება პროგნოზირება.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აშშ-ში ავტო იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ზოგადად ავტომობილების საფასურს გაზრდის, რაც საქართველოში აშშ-დან ავტო იმპორტზეც აისახება და მას შეამცირებს. ,,იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, ხოლო იმპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.79-ს უდრის (მსოფლიო ბანკის შეფასება), აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება. იმავდროულად თუკი დავუშვებთ, რომ ექსპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.45-ია, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 10.8%-ით შემცირდება.''- აღნიშნავენ სებ-ში.