FMCG ბაზარი, საწვავის ბაზართან ერთად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საკვლევ მიმართულებად რჩება.

2024 წლის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ბაზრის მოცულობამ 12.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7%-იანი ზრდაა (დღგ-ს გარეშე).

GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ქედელიძის ინფორმაციით, კონკურენციის დონე ბაზარზე სტაბილურია: კონცენტრაციის ინდექსი დაბალია, ბაზარზე ოპერირებენ როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიები. შესაბამისად, ბაზრის ძირითადი პარამეტრები კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.

ბოლო ტენდენციით, ქსელური მაღაზიები აქტიურად იწყებენ გაფართოებას რეგიონებში.

„საწვავის ბაზართან ერთად, FMCG  ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და ამ დაკვირვების ფარგლებში, გამოვაქვეყნეთ 2024 წლის შუალედური ანგარიში, რაც ნიშნავს, რომ სააგენტო მონიტორინგს აგრძელებს. 2024 წელს წინა წელთან შედარებით, ბაზარი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 12,7 მლრდ. ლარი შეადგინა.  ბაზარზე 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 55%-მდეა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. კონცენტრაციის ინდექსი დაბალია. კონკურენტული გარემოს შეფასების სხვა ზოგადი პარამეტრებიც, კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.

ბაზარზე არ არსებობს კომპანია, რომელსაც მომეტებული ძალაუფლება აქვს, შესაბამისად არ არსებობს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. კონკრეტული კომპანია რომ დომინანტად ჩაითვალოს, მას 40%-ზე მეტი საბაზრო წილი უნდა ჰქონდეს.

კომპანიები განვითარების პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ცდილობენ მსხვილ ქალაქებში დაფუძნდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება, რომ ქსელური მაღაზიები რეგიონებში აქტიურად იხსნება, რაც ალბათ, იმის გამო ხდება, რომ დედაქალაქს, ასევე დიდ ქალაქებს უკვე საკმარისი და საკმარისზე მეტი რაოდენობის სავაჭრო სივრცეები გააჩნიათ.

გასულ წელს, დაფიქსირდა მსხვილ კომპანიებს შორის კონცენტრაციის შემთხვევებიც, შესაბამისად რეგიონული გაფართოება და გამსხვილება/კონცენტრაცია სწორედ ის ტენდენციებია, რაც ამ ბაზარს ახასიათებს”,- აღნიშნა გიორგი ქედელიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე დომინანტური კომპანიების არსებობა არ იკვეთება, საცალო სეგმენტის წარმომადგენლები, დისტრიბუტორებს ფაქტობრივად აიძულებენ გარკვეული ფინანსური პირობების შესრულებას. სუპერმარკეტისთვის კონკრეტული პროდუქტის ჩანაცვლება მარტივია, მაშინ როცა დისტრიბუტორისთვის მაღაზიის დახლზე მოხვედრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,FMCG ბაზარი, როგორც აღვნიშნე, სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარია და ჩვენ მის კვლევას მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული არაპირდაპირი მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ფასწარმოქმნის ნაწილში. ჩვენ ერთი მხრივ ვამბობთ, რომ ბაზარზე დომინანტი კომპანია არ  გვყავს, თუმცა მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ კომპანიები, რომლებიც საცალო დონეზე მოქმედებენ, ფლობენ მომეტებულ საბაზრო ძალაუფლებას, რაც პირველ პირობას და კონკურენციის კანონმდებლობის ტრადიციულ განმარტებას ეწინააღმდეგება.

სუპერმარკეტისთვის ერთი სავაჭრო პროდუქციის სხვა მსგავსი პროდუქციით ჩანაცვლება მარტივია, ხოლო დისტრიბუტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მსხვილ სუპერმარკეტში იყოს წარმოდგენილი, რათა თავისი პროდუქცია გაყიდოს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბაზრის საცალო დონის წარმომადგენლებს დისტრიბუტორებთან შედარებით აქვთ მოლაპარაკების მეტი ძალაუფლება. 2021 წლიდან, სექტორში არსებული არაპირდაპირი გადასახადები შეუქცევადი ზრდის ტემპს ატარებს; არ გვქონია არც ერთი წელი, როცა ფიქსირდებოდა შემცირდა. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჯერ სადისტრიბუციო ფასის, შემდეგ კი საცალო ფასის ზრდა მოჰყვება და მომხმარებელთან მიდის გაძვირებული პროდუქცია. ფასწარმოქმნაში ერთ-ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ე.წ ქეშბექი ასრულებს - როდესაც დისტრიბუტორს პროდუქციის რეალიზიის შედეგად მიღებული შემოსავლიდან კონკურეტული პროცენტული ოდენობის გადახდა უწევს მსხვილი რითეილისთვის. „ქეშბექის“ ოდენობა განსხვავდება მსხვილი რითეილის დონეზე, თუმცა როდესაც კომპანიას აქვს მაღალი ქეშბექი, მისი დამატებითი ფასნამატი შედარებით დაბალია, დაბალი ქეშბექის შემთხვევაში კი გვხვდება მაღალი ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში საცალო ბაზარზე განაპირობებს ერთგვაროვან / მსგავს ფასებს. შესაბამისად, გამოდის, რომ პროდუქციაზე ფასნამატია მაღალი და ამაში „ქეშბექის“ სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“,- აღნიშნა  GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ.