„ფუსფუსი“, როგორც საოჯახო ბიზნესი, 2021 წელს შეიქმნა. დროთა განმავლობაში განვითარდა და რამდენიმე დღის წინ კაფეს - „ფუსფუსი & სენდვიჩი“ სახით გამოჩნდა, სადაც 2 ადამიანია დასაქმებული. კაფის გასახსნელად საჭირო კაპიტალმა 35 000 ლარი შეადგინა.

„ფუსფუსი & სენდვიჩის“ დამფუძნებლის, ნათია ყურშუბაძის თქმით, დაინტერესება იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თავად მოელოდა. ობიექტზე მზადდება როგორც დესერტები, ასევე იტალიური სტილის სენდვიჩები და სხვადასხვა სახის ცომეული.

„ფუსფუსი შეიქმნა 2021 წელს, პანდემიის დროს, როგორც საოჯახო ბიზნესი. სახლში ვამზადებდი დესერტებს. კაპიტალი ძალიან სიმბოლური გახლდათ - ორი ნამცხვრის ინგრედიენტი, 10 წლის წინ ნაყიდი ერთი ხელის მიქსერი  და ღუმელი, რომელიც მიკროტალღური უფრო იყო, ვიდრე ღუმელი, თუმცა ამ ყველაფერს არ დავუბრკოლებივარ.

ამ დრომდე, მარტო ვუძღვებოდი საქმიანობას. რამოდენიმე დღის წინ საკუთარი კაფე გავხსენი და ერთი თანამშრომელი ავიყვანე. უახლოეს მომავალში კი ორი კადრის დამატებას ვგეგმავ, რადგან, ძალიან დიდი დატვირთვით გვიწევს მუშაობა. დაინტერესება იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე მოველოდი

რაც შეეხება ჩვენს მენიუს, ვამზადებთ როგორც დესერტებს, ასევე იტალიური სტილის სენდვიჩებსაც, სახლურ ლიმონათებს, ფუნჩულებს („პონჩიკი"), შოკმანჟეებს, ლობიანებსა და ხაჭაპურებს“.

როგროც კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, „ფუსფუსი & სენდვიჩი" საფირმო კერძებით გამოირჩევა. დესერტების ფასი 3 ლარიდან 9.50 ლარამდე მერყეობს, ხოლო სედვიჩების ფასი 9 ლარიდან 21 ლარამდე აღწევს. გაყიდვები ხდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილიდანაც.

„საფირმო ბევრი რამგვაქვს, რადგან ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, გემოებით თამაში და შემდეგ, შედეგებით ტკბობა. დესერტების ფასები მერყეობს 3 ლარიდან 9.50 ლარამდე. რაც შეეხება სენდვიჩებს, მათი ფასი 9 ლარიდან 21 ლარამდეა (სენდვიჩები, ფაქტიურად ყველა საფირმოა, რადგან  ჩემი ფანტაზიებით მაქვს თითოეული აწყობილი).

სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით მენიუდან ყველაზე მოთხოვნადი რომელია, რადგან დღის ბოლოს უკვე მაცივარიც ცარიელია და პროდუქტიც ამოწურული, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად, მაინც, ფუნჩულებს („პონჩიკებს“) გამივარჩევდი. ჩვენი პროდუქციის გაყიდვები ხდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილიდანაც“.

ნათია ყურშუბაძის თქმით, კაფეს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მომხმარებლებიც სტუმრობენ. ძირითად პრობლემას კი კომუნალურების და კომერციული ფართების ქირის ფასების ცვალებადობა წარმოადგენს. 

„იქამდე, სანამ სახლიდან ვამზადებდი დესერტებს, ქართველები ჭარბობდნენ. ახლა, რაც კაფე გაიხსნა შეემატნენ უცხოელი მომხმარებლებიც.

წინააღმდეგობა ძირითადად, ფასების ცვალებადობა და მათი ზრდა გახლავთ, როგორც პროდუქტების, ასევე კომუნალურების და კომერციული ფართების ქირის. განსაკუთრებით, ბოლო ორზე გავამახვილებდი ყურადღებას“.