„ვფიქრობ, გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის განსაკუთრებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (ბიზნეს გაერთიანებებს)“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამჭვირვალობის მოთხოვნა სრულად ლეგიტიმურია

„საზოგადოება იხილავს, კანონის მიღების პროცესში იქნება უკვე შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში. ვფიქრობ, ესაა სწორი ფორმატი, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ეს არაა მხოლოდ უმრავლესობა, ამიტომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებაზე, შეუძლიათ კონკრეტულ მუხლებზე, შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება მოისმენს, რომ შეაფასონ, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს რა არის არგუმენტები და კონტრარგუმენტები და ვფიქრობ, თავის დასკვნებს გამოიტანს. თქვენ თქვით, რამდენად გვიჭირს ჩვენ ახსნა და ვერ ვახერხებთ ახსნას, ამ ნაწილში გპასუხობთ.

რაც შეეხება ბიზნეს გაერთიანებებს, ასევე ვეუბნები, რომ ვფიქრობ, გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგანაც მათი ამოცანა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებია, საზოგადოების ინტერესებს სწორად უნდა ემსახურებოდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა სრულად ლეგიტიმურია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

Bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, რომლის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია მსგავსი სტატუსით არ დარეგისტრირდება, დავითაშვილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმეორებს.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ფერმერთა ასოციაცია ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მათ შორის, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელიც, რომლებიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობენ, საქართველოსთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, მათ შორის ქალბატონი ნინოც, ამაზე არაა არანაირი კითხვა. როდესაც გამჭვირვალობის მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება უცხოური ძალების ინტერესების გამოხატვას, ამაზე პრემიერმა ძალიან მკაფიოდ და ძალიან სწორად ახსნა, ვფიქრობ, იმავეს გამეორება მომიწევს უბრალოდ. როდესაც დაფინანსების წყარო არის რომელიმე ქვეყანა, დაფინანსება რა თქმა უნდა, ხდება საკუთარი ინტერესის გასატარებლად. აქ ცალსახა ლოგიკაა. თუმცა უცხოური ძალის ინტერესი არ ნიშნავს, რომ ეს არის საზიანო ინტერესი და არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა დავითაშვილმა.