ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ ყორულდაშში დარიშხან შემცველი ნარჩენების განთავსების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად იგეგმება არსებული ღელეს მოქცევა რკინა-ბეტონის არხში, რკინა-ბეტონის სალექარის მოწყობა და ტერიტორიის პერიმეტრის გარკვეულ ნაწილზე, მდინარე ყორულდაშის სანაპიროს დამცავი მონოლითური ბეტონის ბლოკების ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა.

წინადადების მიღება 5 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 796 767 ლარია.

მოწოდების ვადა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 01 ნოემბრისა

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ანალოგიური ტიპის სამუშაოებს მიეკუთვნება: გზების ა/ბეტონის საფარის მოწყობის ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რკინა ბეტონის არხის მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოები. 

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, 2018-2023 წლებში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები. პრეტენდენტის მიერ 2018-2023 წლებში შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების იდენტური ოდენობის, ხოლო ერთჯერადად შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 30%-სა.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულება განახორციელოს საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციისა და საქართველოში მოქმედი კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ ნორმების დაცვით.