მიხეილ ლომთაძის კუთვნილი Kaspi.kz მიმდინარე წლის 25 მარტისთვის ლონდონის საფონდო ბირჟიდან თავისი აქციებისა და გლობალური დეპოზიტარი ქვითრების (GDRs) დელისტინგს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, Forbes-ი ავრცელებს.

თებერვლის ბოლოს Kaspi.kz-მა ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, საიდანაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია ლონდონის დატოვებას გეგმავდა. ლონდონის საფონდო ბირჟიდან აქციების გატანის გადაწყვეტილებას კომპანია ვაჭრობის დაბალი მოცულობით განმარტავს. ამასთან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული მართვის ხარჯები არაპროპორციულად მაღალი იყო.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi.kz-ის აქციები 2020 წლის 16 ოქტომბრიდან ივაჭრებოდა. IPO-ს დღეს კომპანიის ერთი აქცია $42,25 ღირდა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე დალისტვიდან ერთ წელიწადში კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და ერთი აქციის ფასი $145 იყო. თუმცა მოგვიანებით ფასი მკვეთრად შემცირდა. კომპანიის აქციაზე ყველაზე დაბალი ფასი, $38,35 2022 წლის 3 აპრილს დაფიქსირდა.

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის 25%-ს ფლობს, 23% - ვიაჩესლავ კომისაა, 28% - Baring Vostok Capital Partners-ში შემავალი ფონდის მფლობელობაშია, ხოლო 21% - თავისუფალ მიმოქცევაშია.

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. ის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 657-ე პოზიციაზეა. მისი ქონება $4.5 მლრდ-ია.