ნუშისა და კაკლის მწარმოებელ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ნიკო ნიკოლაძის ინფორმაციით, საქართველოში ნუშის ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ვითარდება. კერძოდ, გასულ წელს,  წინა წელთან შედარებით, პროდუქტის საერთაშორისო ფასი 30%-ითაა გაზრდილი.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ნუშისა და კაკლის მწარმოებელ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღნიშნავს, წელს ნუშის მიმართ ინტერესი კვლავ მზარდია.

"კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნულ კულტურას კულტივაცია არ უჭირდა. ბოლო წლებში, 2022-2023 წლიდან საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ - საქართველოში ძალიან მაღალი დონის ბაღები გაშენდა, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. კერძოდ, ბიზნესის ნაწილში საინტერესო მაჩვენებელი გვაქვს. ამასთან, აღნიშნული კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია... რაც მთავარია ქვეყანაში აღნიშნული კულტურის კულტივაციას, ის  პროფესიონალურად უნდა მოხდეს. მინდა გითხრათ, რომ ქართველმა მომხმარებელმა ამ ხილის მირთმევა დაიწყეს და ადგილობრივ ბაზარზეც პროდუქტის მოხმარებაც მზარდია. ქართული ნუში გემოვნური თვისებებით, იმპორტული საქონლისგან გამოირჩევა - მაგალითად, იმპორტირებული ამერიკული პროდუქტისგან განსხვავდება", - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე.

ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  საექსპორტო ბაზრის დიდი წილი რუსეთს უკავია.

"ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პირველივე დღიდან ვმუშაობთ, რომ ექსპორტი განვახორციელოთ. ადგილზე ჩვენი ცოდნა დაბალი იყო, რაც გზა გავიარეთ - გასავლელი იყო. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული რელიეფი, კლიმატური პირობები გვაქვს, ამიტომ კარგია, რომ შეცდომებზე ვისწავლეთ. 

სარწყავი წყლის პრობლემა, ფაქტობრივად სრულად მოგვარებული გვაქვს. ბუნებრივია, დამატებითი რეზერვუარები საჭიროა, მაგრამ ყოველწლიურად განვითარებას ვგრძნობთ და აღნიშნული მიმართულებით ვერ დავიჩივლებთ. ქართული ნუში ექსპორტზე ძირითადად რუსეთში გაგვაქვს, თუმცა ევროპასა და ე.წ. გალფის (ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი) ქვეყნებშიც ვართ წარმოდგენილი. დღეისათვის წარმოება ძალიან დიდი არ გვაქვს... ჩვენი წარმადობა ყოველწლიურად გაიზრდება, რადგან ბაღები სრულ მსხმოიარობაში შედის", - აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძე.

წყარო: ბიზნესპარტნიორი