სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა. საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი, თებერვალთან შედარებით მარტში 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.2%-ით.

ფასის მატება მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 11.7%-მა ზრდამ განაპირობა. სექტორში ფასების მატებას მიწის დეფიციტით ხსნის „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი. ვლადიმერ რობაქიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისში თითქმის ყველა უბანში თავისუფალი და ასათვისებელი მიწის ნაკვეთების სიმცირეა, რამაც მიწის ფასი გააძვირა. „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორს მალე დედაქალაქის გარე უბნებში გადასვა მოუწევს, რადგან ცენტრში მასშტაბური პროექტების განვითარების შესაძლებლობა აღარ არსებობს.

  

,,მიწაზე დეფიციტია შექმნილი. დაკავებულია ფართობები. დეფიციტი პრაქტიკულად უკვე ყველა უბანშია. თბილისის ყველა რაიონში პრაქტიკულად მიწები აღარ არის. სამშენებლო ბიზნესს ნელ-ნელა მოუწევს პერიფერიებში გადასვლა. ცენტრალურ უბნებში საკმაოდ ჭირს კარგი საინვესტიციო ნაკვეთის შოვნა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში უკვე პრაქტიკულად ამოწურულია მიწის ფონდი, სადაც შეიძლება მასშტაბური პროექტების განხორციელება. ეს განაპირობებს გაძვირებას. მიწა ახდენს დიდ გავლენას.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.

 

„აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი ამბობს, რომ მათ პროექტებში მშენებლობის ღირებულების ინდექსის მატება უკვე აისახა და  მათი ბინები 3%-ით გაძვირდა. ვლადიმერ რობაქიძე განმარტავს, რომ თავისუფალი მიწის არარსებობის გამო კომპანია ძველ შენობა-ნაგებობებს ანგრევს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.  

 

,,დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი ფასები. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ ძველ შენობა-ნაგებობებს ვანგრევთ. მოსახლეობა გაგვყავს და ამ ტერიტორიაზე ვაშენებთ. ზუსტად რომ დავასახელო მიწის ღირებულება ვერ გეტყვით. გააჩნია მოლაპარაკება როგორ დასრულდება მობინადრეებთან და მიწის მესაკუთრეებთან. ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობები არის ქალაქში და მათ ვანგრევთ.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.