„რთულია გულგრილად უყურო შექმნილ ვითარებას - სასჯელი, რომელსაც სასამართლო ბოლო პერიოდში იყენებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებებთან თანხვედრაში მყოფ ზომად“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნეს. მათ 8 თვით თავისუფლება აღუკვეთეს, ხოლო 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. ხაზარაძე და ჯაფარიძე გუშინვე დააკავეს.
კითხვაზე, როგორ აისახება ქვეყნის იმიჯსა და ბიზნესზე გარემო, როცა ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის დამფუძნებლები პატიმრობაში არიან, ქიქავა პასუხობს, რომ ეს მოქმედებს განწყობაზე და „ურტყამს“ ეკონომიკასა და ბიზნეს მოლოდინებზე.
„რთულია გულგრილად უყურო შექმნილ ვითარებას - შინაარსს რომ თავი დავანებოთ, სასჯელი, რომელსაც სასამართლო ბოლო პერიოდში იყენებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად, მიზანშეწონილად ან ადამიანის უფლებებთან თანხვედრაში მყოფ ზომად. რამდენადაც დანაშაული შესაძლოა, იყოს ან არ იყოს კომისიაზე არმისვლა, როგორ შეიძლება ამის საპასუხოდ პროპორციულად ჩაითვალოს პატიმრობის ზომა, ან როგორ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ორი ადამიანი (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) ან საზოგადოებისთვის საშიშები არიან ამის გამო, ან შესაძლოა, არსებობდეს დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფუძველი.
ქვეყანაში შექმნილი ვითარება მოქმედებს ზოგად განწყობაზე, რაც ბოლო პერიოდია ისედაც რთულ მდგომარეობაშია. ეს განწყობა ურტყამს შემდეგ ეკონომიკას. განწყობა არის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი და შესაბამისად, როცა ქვეყანაში ხდება ისეთი რაღაცები, რასაც არ აქვს ახსნა და არის უსამართლობა, ეს ცალსახად მოქმედებს ბიზნესზე, ადამიანებსა და მათ მიერ გრძელვადიან, მოკლე თუ საშუალოვადიან პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს ყოველივე საბოლოოდ აგდებს ეკონომიკის ტემპს, რაც იწვევს ეკონომიკურ პრობლემებს“, - აღნიშნავს რესან ქიქავა.
გამოსავლის ძიების ნაწილში საუბრისას რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, ხელისუფლებაში მყოფი პირები კონსტიტუციის ჩარჩოებს დაუბრუნდნენ და მოინახოს შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი.
„გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში - კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დაბრუნდეს ხელისუფლება. დღეს დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები არის შელახული - ამ პრობლემას ვაწყდებით ყოველდღიურ რეჟიმში. შექმნილი ვითარება ქმნის გაუგებრობას როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანების მომავალთან დაკავშირებით. გამოსავალი არ არის კონკრეტულად ერთი ინსტიტუციის - სასამართლოს უცებ შეცვლა.
ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი - ყველა ადამიანი, ვისაც თავისუფალი სასამართლო ჩათვლის, რომ უსამართლოდ ზის ციხეში, უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამ პირობებში თავისუფალი სასამართლო როგორ უნდა მივიღოთ? სამწუხაროდ, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ერთი ჯადოსნური ჯოხით შემოვატრიალებთ არსებულ ვითარებას. როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან სწორად უნდა იქნას გააზრებული, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ და უნდა დატრიალდეს პროცესები სხვა მიმართულებით. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, სამწუხაროდ, არ მესახება ეს ახლა რეალურად“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ რესან ქიქავამ.