ტანსაცმლისა და ტექნიკის რითეილისთვის მიმდინარე წელი განსხვავებულად დაიწყო და შესაბამისადვე გრძელდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა  განუცხადა, სავაჭრო ცენტრებში, სადაც ძირითადი აქცენტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებზე კეთდება, კლების ტენდენცია შეინიშნება.

"2025 წლის პირველი კვარტალი ამ ბიზნესისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა და რიგი კომპანიების შემთხვევაში, 2024 წლის დეკემბრის თვიდან, ამ დრომდე, გაყიდვებში 10-15 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა. ტექნიკა სპეციფიკური პროდუქტიაა და მის გაყიდვებზე ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა ნეგატიურ გავლენას ახდენს, რადგან მომხმარებელი მსგავსი შენაძენისგან და ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან თავს იკავებს. რაც შეეხება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რითეილს, ეს მაინც სეზონზე დამოკიდებული მიმართულებაა, ამიტომ აქ შეიძლება იყოს ზრდის მაჩვენებლები“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დარგში ორივე მიმართულებით ფასების სტაბილურობაზე მიუთითებენ და პროდუქციის გაძვირებას არ ელოდებიან.

„მიმდინარე წელს, პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა, რასაც ხელი უმეტესწილად, ლარის კურსის დასტაბილურებამ შეუწყო. თუმცა, ფასებზე გავლენა სხვა ფაქტორმაც იქონია. იმის გამო, რომ ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები შეუმცირდათ, ჯერ მარაგები არ განუახლებიათ და არსებულ ტარიფებს ამის ხარჯზეც ინარჩუნებენ“, - განაცხადა "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა.

ლევან ყარალაშვილმა სექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების საკითხზეც ისაუბრა და ყურადღება ისევ სავაჭრო ფართების დეფიციტზე გაამახვილა.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ბრენდები შემოვიდნენ, საჭიროა საკმარისი მოცულობის სავაჭრო ფართები, რისი დეფიციტიცაა დღეს საქართველოში“, - განმარტა ყარალაშვილმა და ახალი მოლების მშენებლობის აუცილებლობაზე მიუთითა.

ვრცლად: bp.ge