საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ "საქმის კურსის" ეთერით საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, ახლა საქართველოს ბედი წყდება, ქვეყნის რუსული გავლენების ქვეშ მოქცევის შემთხვევაში კი რომელიმე სამსახურში მუშაობას აზრი აღარ ექნება.

"ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ არ გავაკეთოთ ის, რისიც არ გვჯერა. მესმის, რომ ყველას თავისი ვალდებულება აქვს, მაგრამ თუ ჩვენ სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, რუსეთის გავლენის ქვეშ საქართველოს მომავალი არ აქვს, მაშინ ყველაფერი გვერდით დაგვრჩება. მართლაც ძალიან კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ.

1992 წლიდან ვარ ჩართული საგარეო პოლიტიკაში და არ მახსენდება, ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დამდგარიყოს. ბევრი გაჭირვება გვქონია, ომები გადავიტანეთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ჩვენი ნებით ჩვენს მომავალს ამხელა საფრთხეს ვუქმნიდეთ, არ მახსენდება. ამიტომ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ. შეიძლება, რაღაც გადაწყვეტილების მიღება რთული იყოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი შვილების მომავლის წინაშე პასუხისმგებელნი ვართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ქართულ სახელმწიფოს მომავალი არ ექნება, მაშინ არანაირ სამსახურს მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

bm.ge