2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.

რაც შეეხება კონკრეტულ თვეს, წლიურად აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი 41%-ით 616 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი (2024 წლის აპრილში 437.2 მლნ იყო) , იმპორტი კი 3.6%-ით 1 მილიარდ 399 მილიონ დოლარამდე შემცირდა (2024 წლის აპრილში 1 452.3 მლნ იყო).

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.