საბალანსო ელექტროენერგიის ფასთან შევადარებთ, 2025 წლის II კვარტალში ელექტროენერგიის მყიდველებმა ბირჟაზე ჯამურად 1 325 000 ლარით ნაკლები დახარჯეს. ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის კვარტალურ ანგარიშში წერია.
2025 წლის მეორე კვარტალში დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებმა 93 115 მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2024 წლის მეორე ნახევრის მაჩვენებელს (17 494 მგვტ.სთ) 5-ჯერ აღემატება.
აპრილში საშუალოდ 150.9 ლარი/მგვტ.სთ ფასი დაფიქსირდა, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა მაისში (125.13 ლარი/მგვტ.სთ) და ივნისში (126 ლარი/მგვტ.სთ). ამავდროულად, მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა აპრილთან შედარებით.
"თვის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად არ იცვლება. აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ფაქტი, რომ როგორც ელექტროენერგიის მყიდველები, ისე გამყიდველები, საორიენტაციოდ იღებენ მიმდინარე თვისთვის მოსალოდნელ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს, მოლოდინები კი თვის განმავლობაში, როგორც ჩანს, ძირითადად, უცვლელია. მყიდველების და გამყიდველების შეთავაზებული ფასები უმეტესად არის ერთმანეთთან ახლოს. შესაბამისად, არსებობს ფასის ძალიან მცირე ინტერვალი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შედგეს ტრანზაქცია", - წერია ანგარიშში.
თუმცა II კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, ბირჟაზე ჩამოყალიბებული საშუალო ფასი საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე მაინც ნაკლები იყო.
თუ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს ავიღებთ საორიენტაციოდ და შევადარებთ
დღით ადრე ბაზრის ფასებს, 2025 წლის II კვარტალში ელექტროენერგიის მყიდველებმა ბირჟაზე
ჯამურად 1 325 000 ლარით ნაკლები დახარჯეს ელექტროენერგიის შესყიდვაში.