ყურძნის კრეფის პროცესი აქტიურად ფაზაშია. ამის პარალელურად თანდათან აქტიურდება რთველის ტურიზმიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი თეთრაძე აღნიშნავს, გიდებს სექტემბერი დატვირთული აქვთ, რაც ძირითადად სწორედ რთველის პერიოდით, ზომიერი ამინდებითა და შვებულებების პერიოდით არის გამოწვეული.

მიმდინარე წელს ტურიზმის სხვადასხვა დარგში დასაქმებულთა ნაწილი საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველო წელს ტურიზმის კუთხით ორიენტირებულია აღმოსავლეთის ბაზარზე. ამის ფონზე დარგში საუბრობენ იმაზეც, რომ აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტურისტულ ნაკადებს ნაკლებად აინტერესებს ღვინო, ადგილობრივი სამზარეულო და ავთენტური გარემო. ამ ფონზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია აზიელი სტუმრების დაინტერესება რთველის ტურიზმით.

როგორც გიორგი თეთრაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, აზიელ ტურისტებს, ევროპელ მოგზაურებთან შედარებით, ნაკლებად აინტერესებს რთველი და ღვინო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი რთველის ტურიზმით მაინც ინტერესდება.„სექტემბერი ყველასთვის დაკავებული პერიოდია გამომდინარე იქიდან, რომ რთველია, სიცხეები არ არის და ბევრისთვის შვებულების სეზონი სწორედ სექტემბერშია - სექტემბერი თითქმის ყველას დაკავებული აქვს. აზიელები რთველის ტურიზმში ჩართვით დაინტერესებულები არიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ტურისტების ინტერესები სპეციფიკურია, ევროპელებთან და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია რთველის ტურიზმით დაინტერესება.

ევროპული ქვეყნებიდან ტურისტებში უფრო მეტად პოპულარულია ღვინის და ყურძნის მიმართულება, ასევე ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო, ვიდრე აზიელებში. აზიის ქვეყნები ღვინოს ნაკლებად მოიხმარენ, თუმცა მათშიც არის დაინტერესება. არის ჯგუფები, რომელსაც აინტერესებთ რთველის მთელი პროცესი, მაგრამ არის ძალიან ბევრი ჯგუფი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს რთველი, ან თუ აინტერესებს იმ კუთხით, რომ ფოტო გადაიღოს და სადმე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს. აზიელ ტურისტებს ნაკლებად აინტერესებთ კულინარია და ჩვენი კულტურა, უფრო მეტად აინტერესებთ ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება კარგი ფოტოების გადაღება.

ცხადია, ყველა ქვეყნის ტურისტი ერთმანეთისგან განსხვავდება. ევროპელს განსხვავებული და სწორი ინტერესები აქვს საქართველოში, გარდა კულინარიისა, უფრო მეტად აქვთ დაინტერესება ბუნების, ისტორიული მხარის, წარსულის, კულტურის მიმართ, რასაც ნაკლებად აქცევს ყურადღებას აღმოსავლური ქვეყნების ტურისტი - მათ სხვა ინტერესები აქვთ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი თეთრაძემ.

www.bpn.ge