გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებებზე მიიღო ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა კვლევის იმ მეთოდებზე, რომლებიც 2025 წელს უნდა დაინერგოს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით 15 კვლევა უკვე დანერგილია.
„საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კვლევებით უზრუნველყოფს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებაში. ჩვენთვის პრიორიტეტია, რეგიონულ დონეზე მოხდეს ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება, რაც ჯანსაღი პროდუქციის წარმოების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა აღნიშნა, ლაბორატორიის შესაძლებლობები ფართოვდება როგორც დიაგნოსტიკური მიმართულებების, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. ლაბორატორიაში დაგეგმილია ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიმართულებების დამატება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასავლეთ საქართველოს დიაგნოსტიკურ უზრუნველყოფას. ლაბორატორიის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ისეთი ინფექციების, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს უკავშირდება, ასევე სურსათისა და სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა.
მინისტრთან ერთად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს