ყოფილი კინოთეატრის,  „სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. ამის შესახებ „ქუთაისიპოსტი“ წერს.

სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლად შეძენილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა იგეგმება.

ბიზნესმენის წარმომადგენლის მიხეილ ჩუბინიძის განმარტებით, ამ დროისთვის, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.

„ჯერჯერობით დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ, შერეული სივრცე გაკეთდება, როგორც საცხოვრებელი, ასევე გასართობი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტებიც იქნება“, - განმარტა მიხეილ ჩუბინიძემ.

რა ფასად შეიძინა ბიზნესმენმა სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი შენობა, ამას მიხეილ ჩუბინიძე არ აკონკრეტებს. მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ვიტალი ონიანმა ის კერძო პირისგან იყიდა.

რაც შეეხება ყოფილი კინოთეატრის შენობას, რომელიც ვიტალი ონიანმა, ცოტა ხნის წინ, იყიდა, „სულიკოს" ადგილზე, შესაძლოა, 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს.

პროექტი ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურში უკვე შეტანილია. სწორედ მათი ნებართვის შემდეგ დაიწყება მშენებლობა, მანამდე კი შენობის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყარო: „ქუთაისიპოსტი