ჩრდილოვანი ეკონომიკა არის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც სტატისტიკა ვერ აღრიცხავს და მის მიღმა ექცევა. დღეისთვის ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი დაახლოებით, 13-14%-ია- ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა.
,,ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის სრულ ეკონომიკაში, საქსტატის მიხედვით, დაახლოებით 13-14%-ია. სტატისტიკის სამსახური ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს ქვეყნის მთლიან წილში ითვლის, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლის დანაკარგი დაახლოებით 25%-ია, ანუ ის ნაწილი რაც შეიძლებოდა ბიუჯეტში მოხვედრილიყო. ჩრდილოვანი ეკონომიკა მოიცავს იმ ტიპის გარიგებებს, რომლებიც ოფიციალურად ვერ ფიქსირდება. ჩრდილოვან ეკონომიკად განიხილება არალეგალური საქმიანობაც, მაგალითად ქოლცენტრების ან ნარკოტიკების ბიზნესი. ლეგალურ ჩრდილოვან ეკონომიკაში შეგვიძლია მოვაქციოთ მაგალითად: ბაზარში დასაქმებულები, რეპეტიტორები, დამლაგებლები, მუშები, რომლებსაც მშენებლობის დროს ვქირაობთ”,- აღნიშნა ცომაიამ.
მისი თქმით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ნეგატიური მხარე აღრიცხვის მიღმა არსებობაა და არა ის, რომ ასეთი სახის შემოსავლები არ იბეგრება. რაც შეეხება სტატისტიკაში ასახვას, თუ გვინდა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა სრულად დათვლადი გახდეს, მაშინ ამ სექტორში დასაქმებულები გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ.
,,რამდენად გვინდა ჩვენ ამ შემოსავლების ლეგალიზება და აღრიცხვა ისე, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შემოვიდეს, ეს სხვა საკითხია. არ მგონია, რომ სწორია, მაგრამ თუ გვინდა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა სრულად დათვლადი გახდეს, მაშინ საშემოსავლო გადასახადებისგან უნდა გავათავისუფლოთ, ანუ არ უნდა იბეგრებოდეს. თუ არ დაიბეგრება, ეს ადამიანებიც გამოჩნდებიან და მათი შემოსავლების ოფიციალური დათვლა მოხდება”,- აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.