მენეჯერმა და მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ „კომერსანტთან“ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.

-როგორია ოფშორებიდან აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათებზე თქვენი პოზიცია და იქნება თუ არა ეს საფრთხე,  ქართული  საბანკო  სისტემისთვის?

ყველაფერს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, თავისუფალი ეკონომიკა და თანხის შემოდინება კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ფული ერთნაირი არ არის.

გავეცანი კანონპროექტს და ამ გადაწყვეტილების გამამართლებელი დასაბუთება ვერ მივიღე.

ვერ ვხვდები  რატომ დაგვჭირდა ამის გაკეთება.  რა სარგებელი მოაქვს ამ ყოველივეს იმ რისკებთან შედარებით, რაც ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანას შეიძლება მოჰყვეს პირველ რიგში რეპუტაციულ ნაწილში, მით უმეტეს ახლა?

-რა რისკების გამომწვევი შეიძლება გახდეს აღნიშნული ცვლილება?

როდესაც ოფშორებიდან თანხების შემოდინება ხდება, საერთაშორისო საფინანსო საზოგადოება მეტი სიფრთხილით დაიწყებს ჩვენი საბანკო სისტემის ყურებას, რაიმე შავი ფულის გასათეთრებლად ხომ არ არის ეს გამოყენებული.

მთლიანობაში, უფრო და უფრო იზრდება მსოფლიოში კონტროლი ფულის ნაკადებზე და რისკები იზრდება. ამ სიტუაციაში, საქართველოსთვის კიდევ დამატებითი რისკის მომატება, ვფიქრობ რომ სახიფათო შეიძლება იყოს.

-იქნება თუ არა ამით  შავი ფულის  ლეგალიზების  პრეცედენტები?

ეს ძალიან ძნელი სათქმელია. პირდაპირ, გადაჭრით ამას ვერ ვიტყვი. კონტროლის მექანიზმები არსებობს, მაგრამ რაც უფრო მეტი ნაკადი დაიძვრება ჩვენკენ, მეტი ალბათობა იქნება, რომ რაიმე გაიპაროს, მთლიანობაში, რისკების დონზე იზრდება.