„ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა.“ - ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. 

როგორც კვლევაში წერია „შპს დაგიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზიანია და გამოსაცხადებელია ახალი ტენდერი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯანაშიას ხუთ ნომერში მდებარე ცენტრალური სტადიონის ხელახალი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. დღემდე დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სტადიონი ჯერ კიდევ არ არის აშენებული და უცნობია, როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.

2015 წლის ოქტომბერში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა UEFA-ს შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის მშენებლობის მომსახურების შესაძენად, რაშიც მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა - „შპს დაგიმ“ და და „შპს ლიტომის წარმომადგენლობამ საქართველოში“ მიიღო. გამარჯვებული „შპს დაგი“ გახდა და კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 9,747,000 ლარი განისაზღვრა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სტადიონის მშენებლობის სამივე ეტაპი „შპს დაგის“ 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა. კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ჩააბარა და ამის დასადასტურებლად, მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მამუკა ლოგუა, ამბობდა, რომ კომპანიამ სამუშაოები შედგენილი პროექტის მიხედვით შეასრულა და მათ ის ჩაიბარეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზებით იყო აშენებული - მინდვრის საფარი რკინა-ბეტონის ჯებირით იყო გარშემორტყმული, ტრიბუნების ნაწილს ბეტონის კედელი ეფარებოდა და შენობის ოთახებში წვიმის წყალი ჩადიოდა.

ამის შემდეგ, ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე სამუშაოები დაახლოებით 1 წლით შეჩერდა და მშენებლობის დასასრულებლად და ასევე სათადარიგო მოედნის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წლის სექტემბერში ახალი ტენდერი გამოცხადდა. 

ტენდერში კვლავ ორი პრეტენდენტი იყო. გამარჯვებული „შპს მაქრო ქონსთრაქშენ“ გახდა, რომლის შეთავაზებული თანხა 9,900,000 ლარი იყო, თუმცა თავდაპირველ ეტაპზევე სახელშეკრულებო ღირებულება შეიცვალა და ის 3,899,881 ლარად განისაზღვრა.

„სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და „შპს მაქრო ქონსთრაქშენს“ შორის 2019 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში საფეხბურთო სტადიონის დასრულებისა და ახალი სათადარიგო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 8 აგვისტო განისაზღვრა. ხელშეკრულებაში სულ რვაჯერ შეიტანეს ცვლილება, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, სახელშეკრულებო ღირებულება 939,334 ლარით გაიზარდა, ხოლო სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად 2024 წლის 15 აპრილი განისაზღვრა.

დღეს 22 აპრილია და ზუგდიდში, ჯანაშიას ხუთ ნომერში მდებარე სტადიონთან დაკავშირებულ ტენდერში გათვალისწინებული სამუშოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

ფოთის ცენტრალური სტადიონი

ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და მასში უკვე დახარჯულია 8.5 მილიონი ლარი, თუმცა მიზანი, რომ სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი იყოს და საერთაშორისო მატჩების ჩატარება შესაძლებელი გახდეს - მიღწეული არ არის. ამიტომ UEFA-მ გადაიფიქრა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარება და ამის მიზეზად არსებული ინფრასტრუქტურა დასახელდა, 

“თავდაპირველად ჩემპიონატის (ევრო 2023-ის) ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება”, - ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

2013 წელს მაშინდელმა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, სტადიონის რეაბილიტაციის პირობა დადო და მუნიციპალიტეტიც საქმეს შეუდგა. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2013 წელსვე ფოთის მერიამ სტადიონის მშენებლობის პროექტი შპს “საუკისგან” 110,000 ლარად შეისყიდა და პროექტს იმავე წელს ექსპერტიზა ჩაუტარა შპს “ფოთის პროექტებისა და ხაჯთაღრიცხვის ექსპერტიზამ”, რაშიც თავის მხრივ 3,400 ლარი იქნა გადახდილი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროექტის შემდგენი და მისი შემფასებელი კომპანიების მფლობელი ერთი და იგივე ადამიანი - ზურაბ ჩოჩია იყო, რომელიც შპს „საუკში“ ფლობდა 33%-იან წილს, ხოლო შპს „ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაში“ - 100%-იან წილს და ამავე დროს იყო ფირმის დირექტორი.

თავდაპირველად, 2013 წელს, ფოთის მერიის მიერ სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს “ნიუ კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ავანსის სახლით 700,000 ლარი მისცა, მაგრამ რამდენიმე თვეში - 2014 წლის იანვარში პირობების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. საქმე სასამართლოში წავიდა, სადაც კომპანიას სახელმწიფოს თანხების მითვისებას ედავებოდნენ და ავანსად მიღებული თანხის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

მეორე ტენდერი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და შპს “ხიდმა” გაიმარჯვა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შპს “ხიდს” ავანსად ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა და მოგვიანებით დამფუძნებელი - თეიმურაზ წივწივაძე “სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისების გამო დააკავეს.

ორჯერ შეფერხების შემდეგ, 2017 წლის 16 მაისს ფოთის მერიამ მესამე ტენდერი გამოაცხადა, სადაც უკონკურენტოდ შპს “ელიტა ბურჯმა” გაიმარჯვა.

თავდაპირველი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული წინასწარი გადახდის მექანიზმი, არამედ თანხა უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად და სამუშაოების შესრულების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე იყო. კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 1,860,000 ლარი განისაზღვრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 28 ნოემბერს “ელიტა ბურჯმა” სამუშაოების ვადის დასრულების გადაწევა 2018 წლის 20 აპრილამდე მოითხოვა, მიზეზად კი განახლებული პროექტი დაასახელა. ამასთან ერთად, მათ მოითხოვეს ავანსის სახით - 1,750,000 ლარის მიღება. ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ვადა გადაიწია, ხოლო ხელშეკრულებაში შეიცვალა ჩანაწერი წინასწარი გადახდის მექანიზმის შესახებ და კომპანიას ავანსი გადაერიცხა.

2018 წლის 20 აპრილს კომპანიამ კვლავ მოითხოვა სამუშაობის დასრულების ვადის 2018 წლის 29 ივლისამდე გადავაწევა, ამის მიზეზად კი დასახელდა, რომ საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციას ახალი მიზანი ჰქონდა - ფოთის სტადიონს არა უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის შესაბამისი, არამედ მესამე კატეგორიის შესაბამისი.

2018 წლის 29 ივლისს ხელშეკრულებაში კიდევ შევიდა ცვლილება სამუშაოების დასრულების ვადის 2018 წლის 31 ოქტომბრამდე დასრულების შესახებ, თუმცა აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით სამუშაოები არც მაგ დროისთვის იყო დასრულებული.

რამენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ფოთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაწყვიტა, რომელმაც 2019 წლის 30 ოქტომბერს ტენდერი გამოაცხადა, რაშიც უკნოკურენტოდ შპს “მაქრო ქონსთრაქშენმა” გაიმარჯვა და უეფას მესამე კატეგორიის სტადიონისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის ვალდებულება აიღო.

კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 5,300,000 ლარი განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების თარიღად ფოთის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 6 ოქტომბერი (“ელიტა ბურჯის” ჩატარებული სამუშაოები) გამოაცხადა, ხოლო 2021 წლის აპრილში გვამცნო, რომ სტაიდიონზე სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ფაქტია, რომ საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენებული არ არის, რასაც უეფას გადაწყვეტილებაც მოწმობს.“ - წერია კვლევაში.