სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი მამუკა ჯიბუტი განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკში მისი მიზანი სებ-ის მმართველობის გუნდის გაძლიერება და ამით ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანაა.

„პირველი და უმთავრესი, რომ მე ვხედავ ჩემში შესაძლებლობას, რომ ჩემი შერჩევის პროცესის პოზიტიურად დასრულების შემთხვევაში და საბჭოში არჩევის შემთხვევაში, გავაძლიერო საბჭოს ფუნქციონირება, ეს არის უმთავრესი. ამის საფუძველი არის ის გზა, რომელიც მე მაქვს გავლილი და ის გამოცდილება რაც მე დამიგროვდა. აქ არის ის მოვალეობები საბჭოს წევრების, რომლებიც ზედამხედველობით შეიძლება შემოისაზღვროს და აქ არის ის თემები, რომლებშიც თითოეული მიმართულებით მაქვს ექსპერტული ცოდნა. ეს არის სურვილი მეტი სარგებელი მოვუტანო ორგანიზაციას და ორგანიზაციის საბჭოს წევრობით მეტი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას", - განაცხადა მამუკა ჯიბუტმა.

მამუკა ჯიბუტი ეროვნული ბანკის აუდიტის სამსახურს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, ხოლო იქამდე ხელმძღვანელობდა სებ-ის სავალუტო და ფულად-საკრედიტო დეპარტამენტს, ასევე იკავებდა, მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის პოსტს.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.