მოსახლეობის დიდ ნაწილს მუდმივად აწუხებს კითხვა - დაცულია თუ არა მათი საპენსიო აქტივები? ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო გვთავაზობს.

სააგენტოს განმარტებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია, მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში ამონაგების მიღების მიზნით, კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

სააგენტოს ორგანიზებული სტრუქტურა ეფუძნება ე.წ. „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადესა და გამჭვირვალობას, რისკების ფლობასა და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით:

ა) დაცვის პირველი ხაზი გულისხმობს რისკების ამღებთა ხაზს - სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევ რისკებზე. მათ, ასევე, ეკისრებათ პასუხისმგებლობა შეინარჩუნონ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელონ რისკის კონტროლის მიმდინარე/უწყვეტი/ყოველდღიური პროცედურები;

ბ) დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს - სააგენტოს რისკის მართვის ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან, წარმოდგენს დაცვის მეორე ხაზს. რისკის მართვის ფუნქცია ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით) მიერ დამტკიცებულ სათანადო რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან;

გ) დაცვის მესამე ხაზი მოიცავს რისკის მარწმუნებელთა ხაზს -სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის არის დაცვის მესამე ხაზი, რომელის ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. ის ამოწმებს და წარმოადგენს დამოუკიდებელ და ობიექტურ რწმუნებას სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემების ხარისხსა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს, როგორც დაცვის პირველ, ასევე მეორე ხაზის საქმიანობებს.

შიდა კონტროლის სხვადასხვა ფენის გარდა, სააგენტოს ჰყავს, ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ შედის და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩოში.