ზოგიერთი შენობა იმდენად ორგანულად ერწყმის გარემოს, რომ ქალაქის წარმოდგენა მის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ასეთია თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმართული, გიორგი ჩახავას მიერ დაპროექტებული, ეპოქალური შენობა - კონსტრუქტივიზმის, ბრუტალიზმის და იაპონური მეტაბოლიზმის გავლენით შექმნილი გასაოცარი ნაგებობა, რომელიც ათწლეულების წინ აშენდა. გიორგი ჩახავას პროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისს წარმოადგენს, დღემდე აღაფრთოვანებს ნებისმიერ მნახველს და გამორჩეულ ადგილს იკავებს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიოს არქიტექტურულ შედევრთა შორის.

გიორგი ჩახავას შემოქმედებასა და მის ისტორიულ პროექტზე დეტალურად დავით ბოსტანაშვილი - არქიტექტურის პროფესორი გვიყვება. სალექციო კურსი, “არქიტექტურის პოეტიკა”, რომელსაც დავითი ტექნიკურ უნივერსიტეტში წლებია ასწავლის,  ჯერ კიდევ მამამისმა - შოთა ბოსტანაშვილმა დააარსა 90-იან წლებში იმ მიზნით, რომ სტუდენტებისთვის შეეხსენებინა -  არქიტექტურა უპირველეს ყოვლისა კულტურული სფეროა და  კულტურასთან მუდმივ ბმაში იმყოფება. სწორედ ამ თემებს - არქიტექტურის, ბუნებისა და კულტურის გადაკვეთაზე საუბრობს დავითიც, როდესაც გიორგი ჩახავას ამ ისტორიულ შენობას განიხილავს.

შენობის ისტორია

მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და სამ წელიწადში დასრულდა. კლდოვან ფერდობზე მუშაობის წარმოდგენა ბევრ არქიტექტორს მომენტალურად ააღებინებდა ხელს ამ იდეაზე, თუმცა გიორგი ჩახავა, თავის კოლეგასთან - ზურაბ ჯალაღონიასთან ერთად, ადვილად არ დანებებულა და საბოლოოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტიც შექმნა.

,,ზოგადად, ეს შენობა ძალიან კარგი მაგალითია არქიტექტურაზე სასაუბროდ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებისთვის მოდერნული, თანამედროვე არქიტექტურა გაუგებარი და ნაკლებად ლამაზია, მაშინ, როდესაც კლასიკური შენობის სილამაზეს, ასე თუ ისე, არქიტექტურის განათლების გარეშეც აფასებენ ადამიანები. მოდერნისტულ არქიტექტურას სჭირდება უფრო მეტი კონტექსტის შექმნა - რამ გამოიწვია შენობის ასეთი ფორმა, რა პრობლემებზე სურდა პასუხის გაცემა არქიტექტორს.”

როგორც დავითი აღნიშნავს, შენობა წარმოადგენს პასუხს იმ რთულ რელიეფზე, რომელზეც მისი აშენება გადაწყვიტეს. როგორც წესი, ასეთი ტიპის - ქანობიანი რელიეფი ბევრი არქიტექტორისთვის არასასურველი და არახელსაყრელი ადგილია პროექტის გასაკეთებლად.

,,შენობის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ გიორგი ჩახავამ თავისი კონცეფციით, ამ რთულ და არასასურველ, მშენებლობისთვის თითქოს შეუძლებელ გარემოში დადებითი პოტენციალი დაინახა. საბოლოოდ კი, სწორედ ამ სირთულემ შექმნა ეს გადაწყვეტა. “

ბუნებასთან ჰარმონია


გიორგი ჩახავასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ლანდშაფტის პირვანდელი იერსახე და მწვანე საფარი - შენობა არათუ ზედმეტი ყოფილიყო არსებულ გარემოში, პირიქით, ორგანულად შერწყმოდა ბუნებას. ამ მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა შემდგომაც გაგრძელდა, როდესაც შენობა საქართველოს ბანკმა შეიძინა. როგორც დავითი აღნიშნავს, ქართულ არქიტექტურაში აივნების, ბანებისა და ტერასების თემები ყოველთვის არსებობდა, რაც ამ შენობას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს და ოფისისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

,,დიდი, ღია ტერასების ხელმისაწვდომობას ოფისში ძალიან ადამიანური გარემო შემოაქვს. სართულები ისეა გადანაწილებული მოცულობებში, რომ ფაქტობრივად არც ემჩნევა  სიმაღლე.  შთამბეჭდავია ისიც, რომ ყოველი ფანჯრიდან გახედვისას ძალიან საინტერესო რაკურსით იჭერ შენობის ფრაგმენტებს, საინტერესოდ შემოდის ამ ფრაგმენტებში ქალაქის ხედებიც. ფაქტობრივად, თითქმის ყველა ოფისს აქვს ინდივიდუალური ტერასა. შესაბამისად, იქმნება უნიკალური სამუშაო სივრცე, სადაც შენობა, რაღაც გაგებით, მიკრო ქალაქადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.“

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია

ამ შენობის ისტორია არ გაჩერებისა და არ დანებების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მსგავსი რთული რელიეფის პირობებში პროექტის განხორციელებას ბევრ არქიტექტორი სერიოზულად არც კი განიხილავდა, თუმცა გიორგი ჩახავამ მკაფიოდ დაისახა მიზანი და ბოლომდე მიჰყვა მას - მოტივაციად და შთაგონებად დაუტოვა თავისი ისტორია მომდევნო თაობის ახალგაზრდა არქიტექტორებსაც.  სწორედ მომავალ არქიტექტორებს, სტუდენტებს ამ გრძელ და საინტერესო გზაზე საქართველოს ბანკი უდგას  გვერდში.

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიის  ფარგლებში ახალგაზრდა არქიტექტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაფინანსება ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში მოიპოვონ, სადაც სწავლის საფასური სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს სტუდენტები, ხშირად არასრულფასოვნად მონაწილეობენ აკადემიურ პროცესში, რადგან იძულებულები არიან, სამუშაოთი დაკავდნენ და დააფინანსონ საკუთარი სწავლა. სტიპენდიის მიღების შემთხვევაში კი, მეტი შესაძლებლობა ექნებათ თავისუფალი დრო სრულიად დაუთმონ სწავლას.”

სტიპენდიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.