ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2025 წლის პირველ კვარტალში, წლიურად 1.3%-ით, 3.7 ტვტ.სთ -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2025 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მატება ძირითადად საცალო (+5.4% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+1.3% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.
“მოხმარებაზე უარყოფითად იმოქმედა აფხაზეთის რეგიონის მოხმარების წლიურმა შემცირებამ (-8.7% წ/წ). პირდაპირი მომხმარებლების კატეგორიაში აღსანიშნავია კრიპტო-მაინინგ კომპანიების მოხმარების გახუთმაგება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების ფასების ზრდამ და ახალი საწარმოების დამატებამ (ძირითადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონები) გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ფერაშენადნობების ქარხნები 2024 წლის ოქტომბრიდან გაჩერებული იყვნენ, ხოლო მარტის თვეში, შეინიშნება აქტივობის ზრდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობების ფასის ზრდის მოლოდინს უკავშირდება.
2025 წლის პირველ კვარტალში საცალო მოხმარება გაიზარდა, როგორც თელმიკოს (+5.4% წ/წ), ასევე ეპ ჯორჯიას (+6.7% წ/წ) მომხმარებლებისთვის, კერძოდ: მოსახლეობის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8.5%-ით გაიზარდა და 0.8 ტვტ.სთ შეადგინა.
თბილისის მაცხოვრებლების (თელმიკოს აბონენტები) მოხმარება გაიზარდა წლიური 6.0%-ით, ხოლო რეგიონების (ეპ ჯორჯია მიწოდების აბონენტები) 10.4%-ით. კომერციული სექტორის მოხმარებაც წლიურად 4.4%-ით გაიზარდა, აქედან თელმიკოს აბონენტების წლიურად 5.0%-ით, ხოლო ეპ ჯორჯია მიწოდების 3.9%-ით”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობას, იმპორტი 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 122.2%-ით 1.0 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა.