გორის მუნიციპალიტეტში ქარის კიდევ ერთი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტს შპს „ჯიდიეი დანრე“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტში სოფელ გორიჯვარის, ღვლევის, ტყემელასა და ხიდისთავს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე, რომელიც მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქალაქ გორიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

კომპანიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის ანგარიში უკვე წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, ქარის ახალი სადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 324.346 გგვტ. პროექტით გათვალისწინებულია ჯამში 20 ტურბინის მონტაჟი, რომელთაგანაც თითოეულის სიმძლავრე 4.2 მგვტ-ს გაუტოლდება.

„ქარის სიხშირიდან და გამომუშავებიდან გამომდინარე, ყველა ტურბინის მიერ გამომუშავებული ენერგია დაბალანსებული იქნება ისე, რომ ჯამური გამომუშავება არ გადააჭარბებს მემორანდუმით დადგენილ ლიმიტებს (80 მგვტ). გამომუშავებული ელექტროენერგია ჩაერთვება სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პროექტის განხორციელება დაგეგმილია სამუშაოების დაწყებიდან 12-18 თვის ვადაში. ჯამში ამ პერიოდში დასაქმებული იქნება 70-80 ადამიანი.

გორის მუნიციპალიტეტი, როგორც არსებული ენერგოინფრასტრუქტურით და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო ქსელით გამორჩეული ტერიტორია, განსაკუთრებით ხელსაყრელია ქარის ენერგიის პროექტების განსახორციელებლად.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გააქტიურებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ფაზაში და გააღრმავებს კერძო ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შპს „ჯიდიეი დანრე“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს თანაბრად იყოფენ შპს „ჯიდიეი გრინ ენერჯი“ და დანიაში დაფუძნებული შპს „დენიშ რინიუებელსი“. თავის მხრივ, შპს „ჯიდიეი გრინ ენერჯის“ მეწილეები ბიზნესს ასე ინაწილებენ: დიმიტრი ბოჭორიძე (20%), გიორგი შაგიძე (40%), რუსეთის მოქალაქე დმიტრი ბროდსკი (20%) და რუსეთის მოქალაქე ოკსანა ბროდსკაია (20%).