„თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა ის წინასწარი ფაქტორი, რამაც შეიძლება განაპირობოს ძილის აპნოე“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი ლელა ლორთქიფანიძემ ძილის აპნოეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „არის ადამიანების კონტინგენტი, ვისთვისაც ძილის აპნოე განსაკუთრებით საშიშია. მაგალითად - მძღოლებში. იმიტომ, რომ დღის მანძილზე ძილიანობა შეიძლება მათთვის სავალალო გახდეს. სტატისტიკურად 2-ჯერ მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი ძილის აპნოეს მქონე ადამიანებში“.

„კომერსანტი“ ლელა ლორთქიფანიძეს ძილის აპნოეს სიმპტომებზე, რისკ ფაქტორებზე, პრევენციასა და კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალში“ არსებულ დაავადების მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.

რა არის ძილის აპნოე და ძილის აპნოეს რა ფორმები არსებობს?

ლელა ლორთქიფანიძე, ბავშვთა ნევროლოგი: ძილის აპნოე სერიოზული ძილის დარღვევაა. ის წარმოადგენს სუნთქვის შეწყვეტას ძილში ეპიზოდურად და განმეორებით. არსებობს ძილის აპნოეს 3 ძირითადი ფორმა: ძილის ობსტრუქციული აპნოე, ცენტრალური აპნოე და შერეული ტიპის ძილის აპნოე, სადაც ობსტრუქციული და ცენტრალური აპნოე ერთად გვხვდება. უფრო ხშირად გავრცელებულია ძილის ობსტრუქციული აპნოე და ის გამოწვეულია შიდა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და ანატომიური თავისებურებებით.

რა სიმპტომებია დამახასიათებელი ძილის აპნოესთვის?

ძილის აპნოეს ძირითადი სიმპტომები არის ხმამაღალი ხვრინვა, სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები (რომელსაც ამოიცნობს თვითონ ადამიანი, ან თანმხლები პირი), ასევე სუნთქვის უკმარისობა ძილში, პირის სიმშრალით გაღვიძება, დილით თავის ტკივილი, ძილიანობა და დაღლილობა დღის მანძილზე, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანება და ა.შ. აპნოე იწვევს ძილის ფაზების დარღვევას და სიმპტომები დღის მანძილზე გამოვლინდება.

რა არის ძილის აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორებს?

ძილის აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორებია ჭარბწონიანობა, ხანდაზმულობა (დაავადება უფრო ხშირია შუა ხნის და ხანდაზმულ ასაკში), ოჯახური ანამნეზი, ალკოჰოლი, თამბაქოს მოხმარება, სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი და გულის ქრონიკული უკმარისობა. ეს დაავადება უფრო ხშირია მამაკაცებში, ასევე იმ ადამიანებში, ვისაც აქვთ ანატომიური თავისებურება - ვიწრო სასუნთქი გზები. ასევე არის მონაცემები კისრის გარშემოწერილობასთან დაკავშირებით. სქელი კისრის მქონე ადამიანებში შეიძლება ის უფრო ხშირი იყოს.

ვინ წარმოადგენს დაავადების რისკ ჯგუფს?

მამაკაცებში, ქალებთან შედარებით, უფრო ხშირია ძილის აპნოე. კონკრეტულად ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბავშვებს რაც შეეხება, იქ ცალკე კონტინგენტია, სადაც რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყო.

ბავშვებში რამდენად გავრცელებულია ძილის აპნოე და რომელი კონტინგენტი წარმოადგენს რისკ ჯგუფს?

დაახლოებით 1-5%-ია ბავშვთა პოპულაციაში ძილის აპნოეს სიხშირე. ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიხედვით, ბავშვი რომელიც ხვრინავს 3-ზე მეტი ღამე კვირაში, ძილის აპნოეს გამოკვლევას საჭიროებს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევა არსებობს ბავშვთა ასაკთან დაკავშირებით. რომლის მიხედვითაც ბავშვებს, ვისაც ადენოტონზილარული ჰიპერტროფია აქვთ, განსაკუთრებით ხშირია ძილის აპნოე; ასევე ჭარბი წონისა და სხვადასხვა ორთოდონტიული პრობლემებისა და სხვადასხვა გენეტიკური სინდრომის მქონე ბავშვები მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ, დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი დროული ამოცნობა ბევრ გართულებას აგვაცილებს თავიდან.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოემ ბავშვებსა და მოზარდებშიც?

მოზარდების მსგავსად, ბავშვებშიც ძილის აპნოეს სიმპტომებია ხვრინვა, ასევე ძილიანობა დღის მანძილზე, დასწავლისა და ქცევითი პრობლემები, შორეული გართულებებიდან - ზრდაში შეფერხება და სხვადასხვა ტიპის კარდიოვასკულარული დაავადებები. რაც შეეხება მოზრდილებს, ძილის აპნოე შეიძლება გახდეს მაღალი არტერიული წნევის, ან სხვადასხვა სახის კარდიოვასკულარული პრობლემების მიზეზი, ასევე ძილის აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის მეტაბოლური გართულებები, მაგალითად - მეტაბოლური სინდრომი, ასევე ტიპური შაქრიანი დიაბეტი და ბევრი ქრონიკული დაავადების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს ძილის აპნოე.

როგორ ხდება კლინიკანიუ ჰოსპიტალსშიძილის აპნოეს დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ძილის აპნოეს დიაგნოსტიკა, ობიექტური შეფასება, შესაძლებელია პოლისონოგრაფის საშუალებით. ასეთ დროს ხდება სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგი და შემდეგ მიდის მსჯელობა იმაზე, როგორია სუნთქვითი მოქმედება ძილში, ჰაერის ნაკადი, სატურაციის მაჩვენებელი, გულის ცემის სიხშირე და რიტმი და ძილის ფაზების ხანგრძლივობა. ამის პარალელურად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი. ეს ყველაფერი ერთად საშუალებას გვაძლევს, რომ ვიმსჯელოთ - არის თუ არა ძილის აპნოე, რა ტიპისაა, როგორია აპნოეს ინდექსი და რა ტიპის მკურნალობას საჭიროებს პაციენტი.

რაც შეეხება ძილის აპნოეს მკურნალობას, პირველ რიგში, მკურნალობა მულტიდისციპლინური მიდგომით ხდება. პაციენტი საჭიროებს ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის და ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციას, თუ ეს ობსტრუქციული ძილის აპნოეა. ძილის აპნოეს სიმძიმის მიხედვით წყდება, რა ტიპის მკურნალობა დასჭირდება პაციენტს. ყველაზე გავრცელებულია დადებითი წნევით ვენტილაცია, რომლის დროსაც სპეციალური აპარატურით იძინებს პაციენტი.

შესაძლებელია თუ არა ძილის აპნოეს მედიკამენტებით მკურნალობა?

ძილის აპნოეს მკურნალობის უნივერსალური მედიკომენტოზური მკურნალობა არ არსებობს. თუკი ეს განპირობებულია რაიმე სახის დარღვევით, რასაც მედიკომენტოზური მკურნალობა სჭირდება, ეს ცალკე საკითხია. ძილის აპნოეს მკურნალობაში წამყვანია ის, რომ რისკ ფაქტორები უნდა შემცირდეს. როცა მცირდება ძილის აპნოეს ხელშემწყობი ფაქტორები, მცირდება ძილის აპნოეც.

რა რჩევები გაქვთ პრევენციისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით?

პირველ რიგში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა ის წინასწარი ფაქტორი, რამაც შეიძლება განაპირობოს ძილის აპნოე. მათ შორის - ალკოჰოლი, ჭარბწონიანობა. თუკი არის ეჭვი ძილის აპნოეზე, მალევე უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტირება, ვინაიდან მისი დროული ამოცნობა აგვარიდებს გართულებებს. არის ადამიანების კონტინგენტი, ვისთვისაც ძილის აპნოე განსაკუთრებით საშიშია. მაგალითად - მძღოლებში. იმიტომ, რომ დღის მანძილზე ძილიანობა შეიძლება მათთვის სავალალო გახდეს. სტატისტიკურად 2-ჯერ მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი ძილის აპნოეს მქონე ადამიანებში. ამას გარდა, ცხოვრების ჯანსაღი წესი ძილის აპნოეს ერთ-ერთი წამყვანი საპრევენციო საშუალებაა.