ჯანდაცვის ლიდერი ჰოსპიტალი რეგიონში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მძლავრ სერვისს ნერგავს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოსპიტალში პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია უკვე განხორციელდა. 35 წლის ქალს აუტოგენური (საკუთარი) ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა.

ტრანსპლანტაციის სერვისის დასანერგად მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია Max Healthcare-თან ერთად.  ქართველმა სპეციალისტებმა ცენტრის ხელმძღვანელთან, ჰემატოლოგ მაია ანანიაშვილთან ერთად რამდენიმეთვიანი გადამზადება გაიარეს. ასევე, ჰოსპიტალში მოეწყო მძლავრი ცენტრი, რომელიც ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და დასავლურ გაიდლაინებს ეფუძნება.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვის სერვისის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება ქვეყნიდან გაუსვლელად, სრული დაფინანსებით მიიღონ (დაფინანსება ეხებათ საქართველოს მოქალაქეებს).

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მძლავრი სერვისის ხელმისაწვდომობა უწყვეტი სამედიცინო განვითარების ფარგლებში დანერგილი კიდევ ერთი მიმართულებაა,  რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრმა 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოფიციალურად წარადგინა. ჰოსპიტლის დაბადების დღე მედპერსონალსა და ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნეს პაციენტებმაც.