„ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან თავის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან დროული ვიზიტი არის იმის გარანტია, რომ ლიმფომის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება პაციენტს მეტად კეთილსაიმედო შედეგებამდე მიიყვანს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოლოგმა და ჰემატოლოგმა აიდა გოზალოვამ განაცხადა. მისი თქმით, ლიმფომა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეექვსე ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. სხვა ისეთი დაავადებებისგან განსხვავებით, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის, ნაწლავის ან საშვილოსნოს ყელის კიბო, ლიმფომის შემთხვევაში არ არსებობს ადრეული დიაგნოზისთვის ჰემატოლოგიური ან ინსტრუმენტული გამოკვლევები, ამიტომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულ დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„კომერსანტი“ აიდა გოზალოვას ლიმფომას გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ მისი მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.

რა არის ლიმფომა და რა იწვევს მას?

აიდა გოზალოვა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოლოგი და ჰემატოლოგი: ლიმფომა ჰემატოლოგიური დაავადებების ჯგუფია. ყველა სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნის მსგავსად ლიმფომაც მაშინ ვითარდება, როდესაც უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებენ. ამ შემთხვევაში ასეთი უჯრედები T და B ლიმფოციტებია.

ლიმფომის ზუსტი ეტიოლოგიური ფაქტორი უცნობია, თუმცა არსებობს ხელშემწყობი რისკ-ფაქტორები. ესენია:

  • თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ HIV-ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) Epstein-Barr (მაგალითად: მონონუკლეოზი) და Kaposi’s sarcoma (KS);
  • სიმსივნური დაავადებების მემკვიდრეობითი ისტორია, რადიაციის და გარკვეული ქიმიკატების ზემოქმედება (მაგალითად: ბენზოლი, პესტიციდები);
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც განვითარებულია სამედიცინო მკურნალობით ან სხვა პირობებით (მაგალითად: ქიმიოთერაპიით ჩატარებული მკურნალობა, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა), რადგან ასეთ დროს საჭიროა იმუნოსუპრესანტების მიღება;
  • ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება.

 თუმცა, აღნიშნული ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აუცილებლად დაემართება ეს დაავადება.

რა სიმპტომები მიგვანიშნებს ლიმფომაზე?  

დაავადება ძირითადად ლიმფოციტებში, ჩვენი ორგანიზმის უმთავრეს დამცავ მექანიზმებში წარმოიშობა. ისინი ადამიანს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავს, მაგრამ ზოგჯერ თავად ტრანსფორმირდებიან სიმსივნედ. ამასთანავე, ლიმფომა ყოველთვის არ შემოიფარგლება ლიმფური კვანძებით და შეუძლია დააზიანოს სხვა ისეთი ორგანოებიც როგორიცაა: ელენთა, კუჭი, ნაწლავი, ფილტვი, თავის ტვინი. ასეთ ლიმფომებს ექსტრანოდალურებს უწოდებენ.

ლიმფომის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომებია:

  • ლიმფური კვანძების შეშუპება, რომელიც არ ქრება, აგრძელებს ზრდას და ყოველგვარი ინფექციის არსებობის გარეშე ვითარდება, განსაკუთრებით კისრის, იღლიებისა და საზარდულის მიდამოებში და უმეტესწილად უმტკივნეულოდ იზრდება;
  • უმიზეზო წონაში კლება - სხეულის საერთო მასის 10%-ზე მეტის კლება 6 თვის განმავლობაში დიეტის და რაიმე ხილული მიზეზების გარეშე;
  • ღამის ოფლიანობა - რომელიც ლიმფომის სიმპტომად შეიძლება განვიხილოთ და ღამის განმავლობაში ტანსაცმლის და ზეწრის გამოცვლას საჭიროებს;  
  • ტემპერატურის მატება, რაც კონკრეტულ ინფექციას არ უკავშირდება.

რა ტიპის ლიმფომები არსებობს?

არსებობს ლიმფომის ორი ძირითადი კატეგორია - არაჰოჯკინის ლიმფომა (NHL) (შემთხვევების 90%),  ჰოჯკინის ლიმფომა (HL) ანუ ლიმფოგრანულომატოზი (შემთხვევების 10%)  და  70-ზე მეტი ლიმფომის ქვეტიპი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ლიმფომის ტიპებში კიდევ 2 სხვა კატეგორიას აერთიანებს. ესენია: მრავლობითი მიელომა და იმუნოპროლიფერაციული დაავადებები.

დაავადების ტიპის დასადგენად საჭიროა ბიოფსიის შედეგად მიღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა. ჰოჯკინის დაავადების დროს ლიმფურ ქსოვილში მიკროსკოპიული დათვალიერებისას ბერეზოვსკი-შტენბერგ-რიდის გიგანტური უჯრედები ვლინდება. აღნიშნული სახელწოდება უჯრედებს იმ სწავლულთა პატივსაცემად მიეკუთვნათ, რომელთაც ისინი აღმოაჩინეს და შეისწავლეს. რაც შეეხება არაჰოჯკინის ლიმფომას, მისი 35-მდე ქვესახეობა არსებობს. ჯანმოს კლასიფიკაციით არაჰოჯკინის ლიმფომები T და B ლიმფოციტურ სიმსივნეებად იყოფა, რომლებიც უმწიფარი ან მწიფე უჯრედებისგან ვითარდება.

ლიმფომა შეიძლება იყოს აგრესიული (სწრაფად მზარდი), რომელსაც მკურნალობაც დაუყოვნებლივ სჭირდება ან ინდოლენტური, რომელიც ნელა ვითარდება და დიდი ხნის განმავლობაში არ მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას.

ვინ შედის ლიმფომის რისკ-ჯგუფში?

ჰოჯკინის ლიმფომა უხშირესად თეთრი რასის წარმომადგენლებში, 20-დან 39 წლამდე და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ვლინდება. თუმცა, უპირატესად ახალგაზრდებს ემართებათ. უფრო ხშირად მამაკაცებს, ვიდრე ქალებს. ძალიან იშვიათად 15 წლამდე ბავშვებს. აშშ-ში, ყოველწლიურად, 1 მილიონი მოსახლეზე, ამ დაავადებით დაახლოებით 13 ადამიანი იღუპება.

არაჰოჯკინის ლიმფომა ყველა ონკოლოგიურ დაავადებას შორის მე-7 ადგილზეა. რისკ-ჯგუფში ძირითადად 60-დან 80 წლამდე ადამიანები, უმეტესად მამაკაცები შედიან.

როგორ ხდება ლიმფომის დიაგნოსტირება?

ლიმფომის დიაგნოსტირება, პირველ რიგში, ანამნეზის შეკრებით იწყება. რათა შეფასდეს ლიმფომის პოტენციური სიმპტომების არსებობა, რის შემდეგაც დაიგეგმება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ლიმფური კვანძის ბიოფსია ან ექსტირპაცია - ქსოვილის შესწავლის მიზნით, ძვლის ტვინის ფუნქცია, ტრეპანობიოფსია, ლაქტატდეჰიდროგენაზას განსაზღვრა, კომპიუტერული ტომოგრაფია CT, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (PET/CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT) - დაავადების სტადიის და შემდგომ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ლიმფომის მკურნალობის რა შესაძლებლობები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ლიმფომის მკურნალობა მოიცავს:

  • ქიმიოთერაპიას
  • რადიაციული თერაპიას
  • ტარგეტულს თერაპიას
  • იმუნოთერაპიას
  • CAR T-cell თერაპიას
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას

კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) მონაცემებით ის კატეგორია, რომელშიც სრული რემისია მკურნალობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება, საბოლოოდ, გამოჯანმრთელებულად შეიძლება ჩაითვალოს.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელია ლიმფომის მრავალი ფორმის მკურნალობა და გართულებების ადეკვატური მართვა, როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ რეჟიმში.

ლიმფომის პრევენცია თუ არის შესაძლებელი?

სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის, ნაწლავის ან საშვილოსნოს ყელის კიბო, ლიმფომის შემთხვევაში არ არსებობს ადრეული დიაგნოზისთვის ჰემატოლოგიური ან ინსტრუმენტული გამოკვლევები.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან თავის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოთ ხსენებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ექიმთან დროული ვიზიტი არის იმის გარანტია, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება პაციენტს მეტად კეთილსაიმედო შედეგებამდე მიიყვანს.