ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, კოლორექტული კიბო (სწორი  ნაწლავის კიბო) მესამე ადგილზეა მსოფლიოში სიმსივნის შემთხვევებს შორის, ხოლო კიბოთი სიკვდილიანობით - მეორეზე. ამ დაავადებით ყოველ წელს 2 მლნ-მდე ადამიანი ავადდება, საიდანაც დაახლოებით 950 000 კვდება. როგორც „კომერსანტთან“, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგმა და ლაპაროსკოპისტმა, ნოდარ ჩხიკვაძემ განაცხადა, კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  პროგნოზით, 2040 წელს ამ სენით ავადობა 2 მლნ-დან 3,5 მლნ-მდე გაიზრდება. სქესის მიხედვით, კოლორექტული კიბოთი კაცები 30%-ით ხშირად ავადდებიან. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მისი თქმით, საქართველოში ყოველწლიურად დაავადების 700-მდე პირველადი შემთხვევა გვაქვს და სიხშირის მიხედვით, კაცებში მეოთხე ადგილი უკავია, ფილტვის, პროსტატის  და შარდის ბუშტის სიმსივნეების შემდეგ, ხოლო ქალებში - მესამე  ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების შემდეგ.

„კომერსანტი“ ნოდარ ჩხიკვაძეს სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომებზე, რისკ-ჯგუფებზე, დაავადების პრევენციასა და მისი მკურნალობის, მათ შორის - ლაპარასკოპიული ქირურგიით მკურნალობის, მეთოდზე ესაუბრა.

რა არის კოლორექტალური კიბო და ვის შეიძლება დაემართოს?

ნოდარ ჩხიკვაძე, „ნიუ ჰოსპიტალსისონკო-ქირურგი, ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი: კოლორექტული კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან ვითარდება. მსხვილი ნაწლავის კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან 50 წლის ასაკს ზემოთ პაციენტები. თუმცა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, 20-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, ყოველწლიურად, დაახლოებით 1,5%-ით იზრდება.

რისკ-ფაქტორები შეგვიძლია 2 ნაწილად დავყოთ: რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან და რისკები, რომელთა თავიდან აცილება არ შეგვიძლია.

პირველი ჯგუფის რისკებია:

თამბაქოს მოხმარება: თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის საღეჭი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

ალკოჰოლის მოხმარება:  აუცილებელია, რომ მოხდეს ალკოჰოლური სასმელების მიღების სიხშირის შემცირება. ალკოჰოლის იშვიათმა გამოყენებამაც კი შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი.

უმოძრაობა: ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.

ჭარბი წონა: ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის წონაზე და გაზარდოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი.

კვება, რომელშიც შედის უამრავი წითელი და დამუშავებულ ხორცი: დამუშავებული ხორცის პროდუქტებია ბეკონი, სოსისი და ძეხვი. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება კვირაში ორ ულუფამდე შევზღუდოთ.

რისკები, რომელთა თავიდან არიდება არ შეგვიძლია არის:

გენეტიკური წინასწარგანწყობა; გარკვეული გენეტიკური სინდრომები, რომლებიც შეჭიდულია მსხვილი ნაწლავის კიბოსთან (ლინჩის სინდრომი და მემკვიდრული ადენომატოზური პოლიპოზი); ასევე მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება); ასევე პოლიპების ოჯახური ანამნეზი: თუ მშობელს, და-ძმას ან შვილს გამოუვლინდა გვიანი სტადიის პოლიპი, თქვენ შესაძლოა იმყოფებოდეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკის  ქვეშ.

რა სიმპტომები ახასიათებს კოლორექტულ კიბოს?

სამწუხაროდ კოლორექტულ კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნე იწყებს ზრდას და გავრცელებას. ეს სიმპტომებია: დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება მუცლის მიდამოში, მუცლის შებერილობა, წონაში კლება უმიზეზოდ, დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, სისხლიანი დეფეკაცია, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა „ტენეზმები“, ანემია.

როგორ ხდება კოლორექტული  კიბოს დიაგნოსტირება?

კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება კომპლექსურია და რადიოლოგიურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს მოიცავს. აქვე აღვნიშნავ, რომ „ნიუ ჰოსპიტალში“ ყველა საჭირო კვლევა დანერგილია და მუშაობს აბსოლუტურად გამართულად.

კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკის ბაზისურ მეთოდებს შორისაა - ფიბროკოლონოსკოპია. აღნიშნული კვლევის დროს დრეკადი მილით,  ვიდეოგამოსახულების საშუალებით, ხდება სწორი და მსხვილი ნაწლავის დათვალიერება, სიმსივნური პროცესის აღმოჩენის შემთხვევაში, სიმსივნური უბნიდან  ქსოვილების აღება და, შემდგომში, მათი მორფოლოგიური შესწავლა. ასევე ბაზისური კვლევის მეთოდია - კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის საშუალებითაც ხდება სიმსივნის ადგილობრივი ზრდისა და გავრცელების შეფასება.

კოლორექტული კიბოს მკურნალობის რა მეთოდები არსებობსნიუ ჰოსპიტალსში“?

„ნიუ ჰოსპიტალში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია წარმოდგენილი. სწორი  ნაწლავის კიბოს მკურნალობა კომპლექსურია. ის მოიცავს: ქირურგიულ მკურნალობას, სხივურ თერაპიას, ადგილობრივ მკურნალობას (ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია, რადიოსიხშირული და რადიოტალღური აბლაცია), ასევე - სისტემური მკურნალობის მეთოდებს (ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ).

რას გულისხმობს ლაპარასკოპიული ქირურგია, როგორია პოსტოპერაციული პერიოდი

აღვნიშნავ, რომ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიური ოპერაციები ხორციელდება, როგორც  ღია ტრადიციული წესით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს მუცლის ამა თუ იმ ორგანოზე ქირურგიული ჩარევა მუცელკვეთის გარეშე ხდება. ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, თავის მხრივ, აქვს ბევრი დადებითი მხარე. ესენია: შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, შემცირებული ტკივილი  პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის ნაადრევი გააქტიურება, უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი, ქსოვილების უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის მსვლელობისას და ა.შ.  თუმცა, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუ რომელი მეთოდით ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.

როგორც წესი, ლაპაროსკოპიული კოლორექტული ქირურგიის შემდეგ, ეს იქნება ოპერაცია მსხვილ, თუ სწორ ნაწლავზე, პაციენტის გააქტიურება ოპერაციიდან  პირველივე დღეს ხდება, ჰოსპიტალიზაცია 4-5 დღეს გრძელდება. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, პაციენტებს არ აქვთ არანაირი მძიმე რეჟიმი და განსაკუთრებული სირთულეები, მხოლოდ მცირე დიეტა და მძიმე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.

რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ რისკ ჯგუფებისთვის?

კოლორექტული კიბოს სრულად პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ სკრინინგ ცენტრებისთვის მიმართვით ძალიან ადრეულ სტადიაზე ხდება დაავადების აღმოჩენა. ან პოლიპების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი მოშორებით შესაძლებელია, რომ საერთოდაც თავიდან ავირიდოთ პოლიპის კიბოდ გადაგვარების რისკი.

ასევე შესაძლებელია, დაავადების განვითარების რისკის შემცირება შემდეგი რისკ-ფაქტორების მართვით:

მოერიდეთ თამბაქოს გამოყენებას;

ალკოჰოლური სასმელების დალევისას დაიცავით ზომიერება;

შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;

მიირთვით ჯანსაღი საკვები, რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული შეიტანეთ და შეამცირეთ დამუშავებული ხორცპროდუქტების, ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების მიღება.