სტატისტიკურად სტრაბიზმი ანუ სიელმე ბავშვების დაახლოებით 2%-ში გვხვდება. ტერმინი ძველი ბერძნული სიტყვიდან - strabismós მომდინარეობს, რაც „მოჭუტულს“ ნიშნავს. სიელმის მკურნალობა დამოკიდებულია სტრაბიზმის ტიპზე და გამომწვევ მიზეზზე. ეს შეიძლება მოიცავდეს სათვალეების გამოყენებას და ოპერაციასაც. ითვლება, რომ სტრაბიზმი განკურნებადი დაავადებაა, თუმცა მის დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტირებასა და სათანადო მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი და ოფთალმო-ქირურგი მაია საგინაშვილი ამბობს, „თუ წლამდე ასაკის ბავშვებში მშობლები ერთი ან ორივე თვალის არასწორ მდებარეობას შენიშნავენ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოფთალმოლოგიურ კლინიკას, ხოლო მოზრდილ ასაკში უეცრად მწვავედ განვითარებული სიელმის შემთხვევაში საჭიროა გამომწვევი მიზეზის დადგენა“.

„კომერსანტი“ მაია საგინაშვილს სტრაბიზმზე, სტრაბიზმის სიმპტომებზე, რისკებზე, დაავადების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობასა და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ სიელმის მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა

რა არის სტრაბიზმი და რა იწვევს მას?

მაია საგინაშვილი, ოფთალმოლოგი და ოფთალმო-ქირურგი: სტრაბიზმი, იგივე სიელმე გახლავთ პათოლოგია, რომლის დროსაც დარღვეულია თვალების სიმეტრიული დგომა პირველად პოზიციაში და მათი პარალელურად მოძრაობის უნარი. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რეფრაქციის ანომალია - შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, მასთან დაკავშირებული ზარმაცი თვალი, სხვადასხვა წარმოშობის თვალის კაკლის ორგანული დაავადებები, აგრეთვე თვალის მამოძრავებელი აპარატის ტოქსიკური, ინფექციური ან ტრავმული დაზიანებები მის ცენტრალურ ან პერიფერიულ დონეზე და ა.შ.

რა შეიძლება გახდეს თანდაყოლილი სიელმის გამომწვევის მიზეზი?

თანდაყოლილ სიელმე შეიძლება განვითარდეს მუცლადყოფნის პერიოდში, თვალის კაკლის თანდაყოლილი დაავადებების გამო, მაგალითად - ცალმხრივი თანდაყოლილი კატარაქტას, თანდაყოლილი ქორიორეტინული ანთების დროს, რომელიც გამოწვეულია მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი მწვავე ან ქრონიკული ინფექციის ნაყოფზე ზეგავლენის შედეგად.

რა სიმპტომები ახასიათებს სტრაბიზმს?

სიელმის დროს დარღვეულია თავლის კაკლების სიმეტრიული მდებარეობა და მათი პარალელური მოძრაობა. გარდა ამისა, სიელმის დროს შეიძლება იყოს ერთი ან ორივე თვალის დაბალი მხედველობა, გაორება, ასევე გვხდება თვალის და კისრის არჩევითი და კომპენსატორული მდებარეობა, აგრეთვე სიელმის დროს პაციენტს არა აქვს განვითარებული სიღრმითი ანუ მოცულობითი მხედველობა.

შეუძლია  თუ არა სტრაბიზმს გამოიწვიოს თვალის სხვა დაავადება?

სიელმემ შეიძლება გამოიწვიოს ზარმაცი თვალის განვითარება - როცა ერთი თვალი მყარად გადახრილია საფიქსაციო ღერძიდან და ის არ მონაწილეობს მხედველობის აქტში. შესაბამისად, როცა მშობელი შენიშნავს ბავშვს ბავშვის სიელმის პრობლემას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმ-ოფთალმოლოგს.

სტატისტიკურად ბავშვებში მეტადაა გავრცელებული სიელმე თუ  მოზრდილებში?

სტატისტიკურად სიელმე ბავშვთა ასაკთან ასოცირებული პათოლოგიაა, თუმცა გვხვდება მოზრდილებში ბავშვობაში არანამკურნალები, ან შემდგომში განვითარებული სიელმე.

გაჯეტები, მონიტორების გამოსხივება თუ აპროვოცირებს ამ პათოლოგიის განვითარებას?

ძალიან იშვიათად. რომ გითხრათ, რომ გაჯეტების საშუალებით შეიძლება სიელმე განვითარდეს, არა. თუმცა, ამის ალბათობა მაინც არის. მაგრამ უკვე დიაგნოსტირებული სიელმის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტია რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ბავშვებმა ნაკლებად გამოიყენონ გაჯეტები.

როგორ ხდება სტრაბიზმის დიაგნოსტირება?

სტრაბიზმის დიაგნოსტირება ხდება ვიზუალური დათვალიერების მეთოდით, აგრეთვე თვალის მამოძრავებელი აპარატის გამოკვლევით. კომპიუტერული დიაგნოსტირება ამას არ სჭირდება. სხვა დაავადებების მსგავსად, აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას.

რა ასაკშია რეკომენდებული მკურნალობის დაწყება?

თუ ჩვილ ბავშვებში წლამდე ასაკის ბავშვებში მშობელი ან პედიატრი შენიშნავს, პერიოდულად, ერთი ან ორივე თვალის არასწორი მდებარეობას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოფთალმოლოგიურ კლინიკას სრულყოფილი გამოკვლევისთვის, ხოლო მოზრდილ ასაკში მოულოდნელი სიელმის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული დარღვევები, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები. ამიტომ ასეთ შემთხვევაშიც, უეცრად მწვავედ განვითარებული სიელმე მოითხოვს დაუყოვნებლივ დიაგნოსტირებას, გამომწვევი მიზეზის დადგენას და მერე უკვე ამ მიზეზის მიხედვით მართვას. თუ აქ არის რაიმე სხვა თანმხლები დაავადება, ამ დაავადების მართვას, შესაბამისი სპეციალისტის მიერ (ენდოკრინოლოგის ან ნევროპათოლოგის), თუ არა და მაშინ ოფთალმოლოგიურად შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.

შესაძლებელია თუ არა სიელმისგან სრულად განკურნება?

სიელმე განკურნებადი პათოლოგიაა.

სტრაბიზმის მკურნალობისა და მართვის რა შესაძლებლობები  არსებობს კლინიკანიუ ჰოსპიტალსში“?

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიური სამსახური წარმოდგენილია პროფესიონალი კვალიფიციური და გამოცდილი ექიმთა გუნდით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო თუ ქირურგიული აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს ექიმთან გუნდს, პროფესიონალურად მართონ ყველა სირთულის პათოლოგია და წარმატებით ჩაატარონ ურთულესი ოპერაციები.

სიელმის მკურნალობა მოიცავს კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს. ნებისმიერ მეთოდს გააჩნია სამედიცინო ჩვენება და ამას ექიმი ირჩევს შესაბამისი დიაგნოზის დასმის შემდეგ. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სათვალის შერჩევას, სპეციალურ სავარჯიშო აპარატულ მკურნალობას, ხოლო ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ექსტრაოკულურ კუნთებზე მათი შესუსტების, გაძლიერების, გადანაცვლების გზით მიიღწევა შესაბამისი ეფექტი. შესაძლებელია მეთოდების კომბინაციაში გამოყენება.

თუ სიელმესთან ერთად თანხვედრილია შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, მაშინ პირველ რიგში მოითხოვება მხედველობის კორექცია. დაინიშნება სათვალე. შემდგომ უკვე არსებობს ასევე აპარატული ვარჯიშები.

რა შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა?

როდესაც კონსერვატიული მეთოდით ვერ მიიღწევა ეფექტი, მაშინ უკვე გადავდივართ ქირურგიულ მეთოდზე. რაც გულისხმობს თვალის მამოძრავებელ კუნთებზე ჩარევას, მათი შესუსტების, გაძლიერების და გადანაცვლების გზით უნდა მიიღწევა სასურველი ეფექტი.