აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკა მიზნად ისახავს ეროვნული წარმოების ხელშეწყობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო ტექნიკა, ჩიპები და ხელოვნური ინტელექტი და არა ტანსაცმელი.
„არ ვცდილობთ სპორტული ფეხსაცმლისა და მაისურების წარმოებას. გვინდა ვაწარმოოთ ტანკები, გემები, კომპიუტერული ჩიპები და AI ტექნოლოგია,“ -განაცხადა ტრამპმა კვირას, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს „არ სჭირდება ბუმი ტექსტილის ინდუსტრიაში“.
ამერიკის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ასოციაციამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ტარიფები აზიანებს მთლიანად ინდუსტრიას და ხელს უშლის მის ზრდას.
ტრამპმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაამკაცრა სავაჭრო პოლიტიკა და ევროკავშირის საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესების ინიციატივა წამოაყენა 1 ივნისიდან. მან ასევე გააფრთხილა Apple, რომ შესაძლოა აშშ-ში გაყიდულ იმპორტირებულ iPhone-ზე 25%-იანი ტარიფი დაწესდეს. თუმცა კვირას ტრამპმა ვადა 9 ივლისამდე გადასწია და თქვა, რომ მოლაპარაკებებს შანსი უნდა მიეცეს.